“ამ თემაზე უკვე ბევრი ვისაუბრე – ჩემი პარტიიდან წამოსვლის მიზეზებიც ავხსენი და დამატებით რამეს თქმას არ ვაპირებ. თუკი ჩემმა თანაგუნდელებმა რამე ვერ გაიგეს, ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი. ჭორაობით არასოდეს მიჭორავია და არც ახლა ვაპირებ. პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ამ საკითხზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ამ დროისთვის კი ჩემს პროფესიულ საქმიანობას გავაგრძელებ – იმას რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი დღესაც ვაგრძელებ, დანარჩენი კი თანდათან გამოჩნდება”, – აცხადებს ყოფილი “რესპუბლიკელი” ვახტანგ ხმალაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გამორიცხულია აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვიმუშაო” / ვახტანგ ხმალაძე დავით უსუფაშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
“რაც შეეხება თანამშრომლობას – კონსულტაციისთვის ჩემთვის არაერთხელ მოუმართავთ. მაშინაც კი, როცა ხელისუფლების ოპოზიციაში ვიყავი. არც მაშინ მითქვამს უარი და არც არასოდეს, ამიტომ გააჩნია რაზე იქნება დამოკიდებული კონსულტაცია – ერთი რამ ზუსტად ვიცი – რიგ საკითხებზე ჩემი პოზიცია იქნება შეუცვლელი, მოეწონება ეს ვინმეს თუ არა. ჩემს აზრს ყოველთვის ღიად ვიტყვი და შემდეგ ვისაც როგორ მოუნდება ისე ჩათვალოს. რა თქმა უნდა, უსუფაშვილთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავ – იქნება ეს პარტიული თუ სხვაგვარი”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე და შეკითხვაზე – “შემოთავაზების შემთხვევაში აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ იმუშავებდით?” – პასუხობს:
“გამორიცხულია, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვიმუშაო. მე რომ მმართველი პარტიის წევრი ვიყო, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ შემთხვევაშიც არ წავიდოდი, რადგან ეს ჩემს ხასიათში არ გახლავთ. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობა არც ჩემი ჩემი სფეროა და არც ჩემს ინტერესებში შედის. თუ ეს ჩემს პროფესიულ საქმიანობასთან იქნება დაკავშირებული – კი ბატონო. რაც მიკეთებია ამ მიმართულებით, შესაძლებელია – ეს გახლავთ კანონებზე მუშაობა, ანალიტიკური და კვლევითი მუშაობა. რასაც საკანონმდებლო ორგანოში ვაკეთებდი. ამაზე ვმუშაობდი მაშინაც, როცა პარლამენტის წევრი არ ვიყავი – ეს გახლავთ ჩემი პროფესიული საქმიანობა და ამას გავაგრძელებ კიდევაც”.