ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკვე საქართველოშია. პენტაგონის ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დახვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკელ კოლეგას საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული ვიზიტი უსურვა.
„ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს საქართველოს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. მისი ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გრძელდება მჭიდრო ურთიერთობები. უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ, თუ კიდევ რა შეიძლება გააკეთონ ჩვენმა მხარეებმა ერთობლივად, რომ გაძლიერდეს საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. მოხარული ვართ, რომ ოსტინი საქართველოში იმყოფება და მოუთმენლად ველით დატვირთულ და ნაყოფიერ შეხვედრებს“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
დღესვე, ჯუანშერ ბურჭულაძე ლოიდ ოსტინს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლებს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, ქართველი და ამერიკელი კოლეგები ორმხრივ შეხვედრას გამართავენ, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. მოგვიანებით, ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას ესტუმრება და ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას დაესწრება.
საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში გამორჩეულ თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. აღნიშნული ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებასა და პარტნიორობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.