„ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო პრობლემები და ეს ჩანდა მათივე განცხადებებიდან, ეს ინფორმაცია ჟონავდა მათივე ოფისიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დეპუტატის მანდატზე უარის თქმასთან დაკავშირებით „ნაციონალების“ მეორე ნომრის, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„რატომ გადაწყვიტა, ვერ გეტყვით. მჯერა, რომ ექნებოდა ობიექტური საფუძვლები. რაც შეეხება მის სტატუსს, პირველ რიგში პარლამენტი დაელოდება შემაჯამებელ ოქმს, რომელიც უნდა წარმოადგინოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. თუ ამ შემაჯამებელ ოქმში ის იქნება, როგორც არჩეული დეპუტატი შეყვანილი, მაშინ მან უკვე ფორმალურად უნდა მიმართოს პარლამენტს საკუთარი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ და პარლამენტი გააკეთებს ამაზე შემდგომ რეაგირებას.
ის, რომ პარტიაში იყო პრობლემები, ეს ჩანდა ჯერ კიდევ თვეებით ადრე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. ეს ინფორმაცია ჟონავდა მათი ოფისიდან, ეს ჩანდა მათ განცხადებებშიც და მათ მუშაობაშიც და იმაში, რომ არჩევნების შემდგომ ეს პროცესი გამწვავდა, რა თქმა უნდა, მოულოდნელი და არაბუნებრივი არაფერი არ არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.