მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პარტიის შექმნას და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს – ამის შესახებ ,,პრაიმტაიმს” სააკაშვილის თანაგუნდელმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა.
ნუგზარ წიკლაურის თქმით, სააკაშვილის მთავარი ლოზუნგი იქნება ,, არა კორუფციას უკრაინაში”.
,,სააკაშვილის გადადგომა მოსალოდნელი იყო. სააკაშვილი ცდილობდა უკრაინაში შეექმნა ნათელი და არაკორუმპირებული სისტემა, რასაც ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება, პარლამენტი და უკრაინის მთავრობა. ამიტომ ასეთ გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო. მე რამდენიმე დღის წინ მქონდა ინფორმაცია, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა. იყო იუსტიციის სახლის საკითხი, რომელიც ვერ ამოქმედდა და მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ერთ ვიწროდ აღებულ რეგიონში ძალიან ძნელია იმ რეფორმების გატარება, რომელსაც ის აკეთებდა და გეგმავდა. ამიტომ, როგორც ჩანს, ეს არის გადაწყვეტილება, უკრაინის ელექტორალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმის. ეს ნაბიჯი უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს უკრაინაში. მან თავის გამოსვლაში თქვა კიდეც, რომ ბრძოლა გრძელდება უკრაინის ცხოვრებაში და ბრძოლა შეიძლება გაგრძელდებს მხოლოდ ერთი მიმართულებით”, – განუცხადა ნუგზარ წიკლაურმა ,,პრაიმტაიმნიუსს”.
ნუგზარ წიკლაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება უკრაინის ცხოვრებაში ტექტონიკური ძვრაა და მას მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება.
,, სააკაშვილი პოლიტიკური ძალას ჩაუდგება სათავეში და ამ პოლიტიკური ძალების მთავარი ლოზუნგი იქნება ,,არა კორუფციას უკრაინაში”, ამიტომ სააკაშვილი არ ღალატობს მთავარ პოლიტიკურ არჩევანს, რომელიც მას ქონდა საქართველოში და ახლა აქვს უკრაინაში. მიხეილ სააკაშვილს აქვს უშუალო კონტაქტი ხალხთან, რომელიც უნდა გამოიყენოს. მე ველოდები სახალხო მოძრაობის ორგანიზებას სააკაშვილისგან საქართველოში”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
მისი თქმით, სააკაშვილი შექმნის პარტიას და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში და იქ მყოფი ქართველი მაღალჩინოსნები სააკაშვილის გუნდის წევრები იქნებიან.