ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა ნორმალურია.
“აზრთა სხვადასხვაობა ნორმალურია იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ძალიან ჭკვიანი გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები ამ ურთულეს გარემოში, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჰქვია. ბუნებრივია, არსებობს მხარდამჭერთა ნაწილი, რომელიც თვლის, რომ მცდარი გადაწყვტილებაა პარლამენტში შესვლა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია და ჩვენ გავაგრძელებთ პარლამენტში ბრძოლას“, -აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, ვის შეიძლება გულისხმობდეს მიხეილ სააკაშვილი „ერთ-ორ ახირებულ ადამიანში პარტიის შიგნით“, ზურაბ ჭიაბერაშვილი პასუხობს, რომ ამ საკითხს ემოციების გარეშე უნდა შევხედოთ.
“განსხვავებული აზრი ჩვენს პარტიაში ყოველთვის იყო და ჩვენ იმიტომაც ვართ დასავლური ტიპის პარტია, რომ განსხვავებული აზრი ყოველთვის არსებობდა ჩვენს შორის. მაგრამ გადაწყვეტილებები მიიღება უმრავლესობით, მათ შორის ასე მივიღეთ გადაწყვეტილება როგორც პარლამენტში შესვლაზე, ისე მეორე ტურში მონაწილეობაზე. მთავარია, რომ ბრძოლის ველზე არ ვაპირებთ არცერთი გოჯი დავუთმოთ ივანიშვილს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლის ყველა მეთოდს”.