ჩვენ მასწავლებლებს უნდა ვურჩიოთ, რომ არის რაღაც, რისი თამაშისგან შეიძლება თავი შეიკავონ, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ქანთარიას აზრით, საბავშვო ბაღში ბავშვების მონაწილეობით ”დაქორწინების” სცენის დადგმაზე სკანდალი არ უნდა ამტყდარიყო.
”ადრე დავდგი სპექტაკლი – რეზო ინანიშვილის ”ალალი”, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო. მთელი სიუჟეტი იმაზეა, რომ კაცმა, რომელიც მთელი სოფლისათვის საყვარელი ადამიანი იყო, თავისი შვილიშვილი და მეგობრის შვილიშვილი თამაშ-თამაშში დააქორწინა. არის ქეიფი, ერთი ამბავი, სადაც შემდეგ ჩაერია საბჭოები, პოლიცია და ეს ამბავი ტრაგიკულად დამთავრდა.
დაახლოებით ასეთი თამაში მოეწყო ბაღში, რაც მე არც სერიოზულად მიმაჩნია და არც მისაღებად. მაგრამ, ამაზე სკანდალის ატეხვა, სახალხო დამცველის დონეზე აყვანა, არ იქნება სწორი. უბრალოდ, ჩვენ მასწავლებლებს უნდა ვურჩიოთ, რომ არის რაღაც, რისი თამაშისგან შეიძლება თავი შეიკავონ. ბომბი არ გამსკდარა, ამ ბავშვებმა ითამაშეს – რა მოხდა, სახლში წაიყვანენ ერთმანეთს თუ ჯვარი დაიწერეს?!
ეს დადგმა ან დაამახსოვრდებათ ან არა. თუკი ბაღში ყოფილხართ, ყველას ჰყავს შეყვარებული, მაშინ ავკრძალოთ შეყვარებულობა ბაღში. ჩემმა შვილიშვილმა რომელიც 5 წლის არის, დიდი სიამაყით გამოაცხადა, რომ უყვარს გოგონა ბაღში. ეს არის ელემენტარული ადამიანური ამბავი”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.