პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავს ჯერ კიდევ სუსტად გრძნობს და მკურნალობა გეგმის მიხედვით ხორციელდება.
„ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მგონი, მოგახსენეს ორი კონსილიუმის წევრებმა. მეტი დასამატებელი არაფერი მაქვს. ჯერ კიდევ სისუსტე არის საკმაოდ გამოხატული. აბსოლუტურად ვიზიარებ მათ (კონსილიუმის წევრების) მოსაზრებას. მკურნალობა მიდის გეგმის მიხედვით, ვნახოთ, როგორ იქნება მისი მდგომარეობა მომავალში. როგორც მოგახსენეს ექიმებმა, ამდენი დღის შიმშილობის შემდეგ ფეხბურთს ხომ ვერ ითამაშებს მართლა ადამიანი“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკაში შესვლაზე მას არანაირი შეფერხება არ ჰქონია.
„მე ამჯერად არ მქონია არაფერი შეფერხება, შევედი ძალიან ჩქარა, მაგრამ სახალხო დამცველი ნამდვილად ორი საათი ელოდებოდა და ექიმებიც ორი, თუ მეტი საათი ელოდებოდნენ შესვლას“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
კითხვაზე საპასუხოდ ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მისი აზრით, მიხეილ საკაშვილი 29 ნოემბერს სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს.
„ჩემი აზრით, კი, ვნახოთ, როგორი იქნება, რადგან პროგნოზების გაკეთება არ არის კარგი ამ დროს. ვერ დავდებთ თავს და ვერ გეტყვით, როდის იქნება უკეთესად. ჩივილები აქვს ზოგადი სისუსტე. ადამიანი ავადმყოფობის შემდეგ რომ სუსტად არის, გრიპი რომ დაგემართოთ, სუსტად იქნებით, ხომ? ზუსტად ისეღივე სისუსტე აქვს, არაფერი არაჩვეულებრივი არ არის ამ სისუსტეში. წნევები, სხვა ლაბორატორიული მონაცემები ასე თუ ისე ნორმის ფარგლებშია. რასაკვირველია, რაღაცები კიდევ გამოსასწორებელია. ეს ხანგრძლივი პროცესია. ოთხ, ხუთ, ექვს დღეში, ასე ჩქარა არ დამთავრდება“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ნიკოლოზ ყიფშიძის ვარაუდით, რეაბილიტაციას საერთო ჯამში რამდენიმე თვე დასჭირდება.
„თუ ვლაპარაკობთ მარტო რეფიდინგზე, რომ საჭმელი ნორმალურად ჭამოს, ამას ალბათ ერთი ან ორი თვე დასჭირდება, მაგრამ სხვა ორგანოების რეაბილიტაცია არის საჭირო. ჩემი აზრით, ამას რამდენიმე თვე ნამდვილად დასჭირდება“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.