ჩინეთში ვიზიტისას ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ჰქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები მსხვილ იმპორტიორ დისტრიბუტორ კომპანიებთან, რომლებმაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოხატეს ქართული პროდუქციის მიმართ და არა მხოლოდ ინტერესი, ამ შეხვედრების შემდგომ ისინი ეწვივნენ ბიზნეს პავილიონს და პროდუქცია დააგემოვნეს, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე სულაბერიძემ.
თორნიკე სულაბერიძის შეფასებით, მარიამ ქვრივიშვილის მიერ ჩინეთში გამართული შეხვედრები ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნასა და ბაზრის პოტენციალის შეფასებას ემსახურებოდა.
„ეს შეხვედრები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან კიდევ ერთხელ დავინახეთ, რამდენად დიდია ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი. და ის, რომ ეს კონტაქტი, ეს შეხვედრები შედგა, ამით არ მთავრდება და ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამ კომპანიებთან მუშაობა გავაგრძელოთ. ისეთი მსხვილი კომპანიებია, რომ მხოლოდ ერთმა კომპანიამ, რომ თავის ქსელში წაიღოს თუნდაც ერთი სახელობის პროდუქცია, ჩვენი წარმოება ამას ბოლომდე ვერ გასწვდება. საუბარი არის მილიარდობით ბრუნვის მქონე კომპანიებზე“, – აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ
