საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება აღნიშნულ ეტაპზე არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი, ბექა ფერაძე განმარტებას აკეთებს და ხსნის, რატომ არ მიიღო საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება. მისი თქმით, ყველაზე მთავარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა და საკოორდინაციო საბჭო სწორედ აქედან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს.
“მას შემდგომ, რაც მთელს მსოფლიოში, არა მხოლოდ საქართველოში, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ფართო გავრცელება მოხდა, არა ერთმა ქვეყანამ ლოქდაუნების თუ სხვადასხვა შეზღუდვების მეშვეობით გააუქმეს როგორც ღამის კლუბების ღონისძიებები, ასევე ზოგადად, ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით გადაიდგა შემზღუდველი ღონისძიებები. ეს იყო განმაპირობებელი, როდესაც საქართველოშიც მსგავსი ტიპის გასართობი ღონისძიებები იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებით აკრძალული. ამის უმთავრესი მიზანი, როგორც მოგეხსენებათ, არის საზოგადოების, ფართო მასების ჯანმრთელობის დაცვა.” – ამბობს ბექა ფერაძე.
მისივე განმარტებით, ღამის კლუბებთან დაიწყო მუშაობა, რათა შემუშავებული იქნას გარკვეული პროტოკოლი, რომელიც უზრუნველყოფს მათ ეტაპობრივად აღდგენას და ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.
“ჯანდაცვის სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, თბილისის მერიამ, ბიზნეს ომბუდსმენმა ერთობლივად დავიწყეთ აღნიშნულ სექტორთან მუშაობა, რომ შევიმუშავოთ გარკვეული პროტოკოლი, რომელიც უზრუნველყოფს მათ ეტაპობრივად მდგრად აღდგენას, იმისთვის, რომ ერთის მხრივ მათი ეკონომიკური ინტერესი გავითვალისწინოთ, ხოლო მეორეს მხრივ შევინარჩუნოთ და საფრთხე არ შევუქმნათ მოქალაქეების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას,” – ამბობს ბექა ფერაძე.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის.
“ახალი შტამი არის მსოფლიოს წინაშე და ახალი შეზღუდვების წინაშე დგება უკვე არა ერთი ქვეყანა და ამ დროს ჩვენ ვსაუბრობთ გახსნაზე, სექტორზე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მაღალი რისკით არის გამორჩეული. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწვეტილებას როდესაც ვღებულობთ, ფართო ჩართულობა უნდა იყოს, ეპიდემიოლოგების, შესაბამისი დარგობრივი უწყებების,” – განაცხადა ბექა ფერაძემ.
მისივე განმარტებით, თუ რაიმე ღონისძიება გაიმართება, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
“თუ რამდენიმე ორგანიზაცია მაინც დააანონსებს და გააკეთებს ამა თუ იმ ღონისძიებას, ჩვენ შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ,” – აღნიშნა ბექა ფერაძემ.