საქართველოს ეროვნულ გვარდიას 31 წელი შეუსრულდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროფესიული დღე გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროს, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მოგვიანებით, საიუბილეო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაგრძელდა. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს იუბილე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და თავდაცვის ძალებისთვის ეროვნული გვარდიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ კი, 2021 წელს ეროვნული გვარდიის მიერ შესრულებული სამუშაოს შემაჯამებელი პრეზენტაცია წარადგინა. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და მოკლევადიან და გრძელვადიან კონცეპტუალურ დოკუმენტებში ეროვნული გვარდიის როლზე ისაუბრა.
ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ასევე, ოფიცრებს გადაეცათ საშტატო იარაღიც. ეროვნული გვარდიის აღმშენებლობისა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტ დავით თევზაძეს „ღირსეული გვარდიელის“ სიგელი და სამკერდე ნიშანი გადაეცა.
საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა.