გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“წინა კვირის შაბათ საღამოს ავნოდარა მელაძემ ისევ გააფუჭა ჰაერი – მიხეილ წამებულის დაკვეთით „ჭუტლექსვიზიის“ ეთერში ივანიშვილების ოჯახზე ისეთი სცენა დადგა, ისეთი საახალწლო ზღაპარი მოიგონა, თვითონაც კი გაოგნდა. არა, თვითონ ისედაც კაიხნის გაოგნებულია, მაგრამ ამ ამბავმა ნამეტნავი ზემოქმედება მოახდინა მასზე.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, შაბათის წინა დღეებში ავნოდარას კაბინეტში ძაან პომადიანი ჟჟჟუუურრრნალისტი რომ ჰყავს, ის შეუვარდა და დაუყოვნებლივ მოახსენა, გვაქვს შანსი, ისეთი სპექტაკლი დავდგათ, თითქოს ივანიშვილის ოჯახს საქართველოში კანაფის ტესლი შემოაქვს. მსახიობებიც გვყავს. დანარჩენი შენ იციო.
ახლავე დავჯდები, სცენარს დავწერ და იმის მიხედვით ვიმოქმედოთო, მიუგო სიხარულისგან აჭყლოპინებულმა ავნოდარამ და ძალიან ღრმად ჩაფიქრდა.
ავნოდარას სცენარი
(სცენარი ტექსტის სახით განთავსებულია „ტვ პირველის“ საიტზე. მოქმედება მიმდინარეობს აღმაშფოთებელი მუსიკის ფონზე, კადრები ჩაბნელებულია. სტილი დაცულია)
„ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მარიხუანას პლატანციების მოშენების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, როდესაც ეკლესიის ამბოხების შემდეგ ეს გეგმა ჩაუვარდა, ახლა ფულის კეთება ამ ბიზნესით, როგორც ჩანს, მისმა ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა გადაწყვიტა -კესო ივანიშვილის სახელზე გაფორმებული კომპანია ახლა მარიახუნას თესლის რეალიზებით არის დაკავებული. კესო 24 წლისაა, მას ბიზნესის კეთების არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, ჩვენი ინფორმაციით, საქართველოშიც არ ცხოვრობს. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მამამ ქალიშვილის სახელზე კანაფის ბიზნესი გადამალა“.
აუცილებელი განმარტება: თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ სცენარი უნიჭოდაა დაწერილი. მეტიც, ავტორი საერთოდ მწყრალადაა წერასთან, კითხვასთან და ლოგიკასთან. სცენარის ავტორი ერთ ხანობას იბნევასავით… უფრო სწორად, იბლანდება, კანაფის კაკლების ბიზნესი ბიძინასია თუ მისი ძმისა, ვერ გაუგია – სავარაუდოდ, ალექსანდრემ გადამალა შვილის სახელით, მაგრამ ლოგიკას თუ მივყვებით, ან ერთს, ან მეორეს რაში სჭირდებოდა ამგვარი მანიპულაცია? მართალია, ე.წ. კომპანიის ე.წ. მესვეურები დიდი ენთუზიაზმით ყვებიან, ამ შემთხვევაში გვარი ივანიშვილი გვაინტერესებდა, პრობლემები არ გვექნებოდა, 25% ამიტომაც ვაჩუქეთო, მაგრამ არც სცენარში და არც ეთერში გასულ გადაცემაში არავინ ეცადა, ბატონი ალექსანდრეს ქალიშვილს დაკავშირებოდა, თუმცა, ავნოდარას ეს რომ გაეკეთებინა, აქ მისი ზღაპარი ნაცრად იქცეოდა და სიუჟეტი ჩავარდებოდა.
შემდეგი ამონარიდი ავნოდარას სცენარიდან (სტილი დაცულია): „ალექსანდრე ივანიშვილმა როგორც კი გაიგო, რომ „შაბათის ეთერი“ ამ თემაზე გამოძიებას ამზადებდა, სატელეფონო საუბრის დროს ჩვენს ტელევიზიას და ჩვენი არხის მფლობელის ოჯახს განადგურებით დაემუქრა“.
მე არაერთხელ მოვისმინე ჩანაწერი, იქ მუქარა არ არის, ალექსანდრე ივანიშვილი სახლთან მივარდნილ დედაკაცს ტელეფონში ეუბნება, საერთოდ არ ვნერვიულობ, თუ ავთო წერეთლის ძვლებს ჭია მალე გამოხრავს, გამიხარდებაო. ესენი ამბობენ, ჭუტას ოჯახს განადგურებით დაემუქრაო, ჩვენი პატრონის ოჯახსო. ჯერ ერთი, ეს მუქარა კი არა, სურვილია და მეორეც – ასეთი სურვილი, რა თქმა უნდა, ყველას გაუჩნდება, თუკი ვინმეს ოჯახის განადგურებას იქით მოინდომებ. ვინ ხარ, რას წარმოადგენ, რა უფლებით იგონებ ისეთ საშინელებას, რამაც შეიძლება, 24 წლის გოგოს ცხოვრება სამუდამოდ დაუნგრიოს? და ვინ ხარ, ეს ხომ მთელმა საქართველომ იცის? შენი შვილი (ჭუტლექს მეორე), მკვლელია, მანქანით გალეშილი ავტობუსების გაჩერებაზე შევარდა და არასრულწლოვანი ბიჭი გაიტანა. შენ ეს საქმე ფულით ჩაფარცხე ისე, დაზარალებულის ოჯახშიც კი არ მისულხარ. მერე ბიზნესი წაართვი ვიღაც არაბებს, მერე ფულის გათეთრება დაიწყე ხაზარაძე-ჯაფარიძესთან ერთად (კიდევ რამდენი ავაზაკობა გაქვს ჩადენილი, ღმერთმა იცის) და ახლა ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახს მიადექი გასანადგურებლად. თან როგორ? მოგონილი, გათამაშებული სცენარით, მოსყიდული პერსონაჟებით!
შემდეგი ამონარიდი ავნოდარას სცენარიდან:„საქართველოს ჰიბრიდული მეურნეობის განვითარების კომპანიის“ წილის 75%-ს ქუთაისის „ბიზნეს ჯგუფი“ ფლობს. ეს ბიზნეს ჯგუფი კი კანაფის თესლის რეალიზაციის ბაზრის მთავარი მოთამაშეა“.
აუცილებელი განმარტება: ეს უკვე იუმორის ჟანრია – ავნოდარა ამტკიცებს, ეს ბიზნესჯგუფი კანაფის თესლის რეალიზაციის ბაზრის მთავარი მოთამაშეაო. კი, მაგრამ მთავარ მოთამაშეს სამიოდე „ბუტკა“ აქვს გახსნილი? არ არსებობს, მთავარ მოთამაშეს სულ მცირე, 50-მდე სუპერ-მარკეტი უნდა ჰქონდეს აგუგუნებული. მეორე – სიუჟეტში გვიჩვენებენ რაღაც აპარატს, რომელიც თურმე კანაფის მინი-სათბურია, თან ამბობენ, ივანიშვილი მარტო კაკლებს კი არა, სხვადასხვა ატრიბუტებსაც ჰყიდისო. ამ დროს გვიჩვენებენ ბოთლებს, რაღაც ფუთებს და პლასტმასის ჩიხრიპიტოებს. ქუთაისის განყოფილებაში ვინმე ქალ-ვაჟი ისე დეტალურად ყვება კანაფის დათესვა-მოყვანისა და რეალიზაციის საიდუმლოებას, ნებისმიერი, ოდნავ გათვითცნობიერებული ადამიანი იფიქრებს, ესენი ან კრეტინები არიან, ან კიდევ სპეციალურად ლაქლაქებენ მიკროფონთანო. ჩემი აზრით, აქ მეორე ვარიანტთან უფრო გვაქვს საქმე – „ჭუტლექსვიზიასთან“ საეჭვო კავშირში მყოფი „მსახიობები“ განგებ ცდილობენ, ღიად ილაპარაკონ ე.წ. სქემაზე და მაყურებელს დააჯერონ, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, სანათესაო, ძმა, ძმიშვილი ჩართულები არიან რაღაც ბინძურ საქმიანობაში. არ გაინტერესებთ, რა ღირს ერთი პორცია, ანუ 300 გრამამდე სათესლე მასალა, რომელსაც, სადაც ინებებთ, კურიერი იქ მოგართმევთ? 33 (ოცდაცამეტი) ლარი!
წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავარდნილა ბიძინა ივანიშვილი, რომ „ციკლეტებით“ კურიერებს დაარბენინებს და კანაფის კაკლებს 33 ლარში ყიდის? არა, წარმოგიდგენიათ? ადამიანს დღეში ცხრაჯერ წამოაძახებენ ხოლმე, „გაზპრომის“ აქციების მფლობელი ხარო და თან ეგეთ წვრილმან „ხულიგნობაზე“ ედავებიან. საინტერესოა, რა უნდა გასჭირვებოდა ამისთანა ივანიშვილის ოჯახს, რომ ასეთ ხურდა რაღაცაზე წასულიყო?
იცი, ეს საიდან შემოდისო? ეკითხებიან კურიერს. კი, კაცო, ჰოლანდიაში ჰყავთ ვიღაც ტიპი, ამსტერდამში, 60 წელზე მეტის ტიპია, ბაბუა კაცია, ის აგზავნისო. დიდი ფერმა აქვს, ლიცენზია აქვს და რამე, ანის დედა არის მაგის მეგობარი, სადღაც გაიცნეს ერთმანეთი, „ჩერეზ“ მაქედან არიან დაახლოებულებიო. ანი ვინ არის? ალბათ ის, რომლის შესახებაც ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. მოკლედ, შენ ისღა დაგრჩენია, წაიღო ე.წ. კაკლები სახლში, დათესო ქოთანში, ამოაბიბინო, დაამწიფო, გაფშვნიტო, გააშრო, პაპიროზში შეაკეთო და წიო, რამდენიც გინდა. სწორედ ასე მსჯელობს ჭარბპომადიანი ქალი – იყიდე 33 ლარად, მოიყვანე და წიე, რამდენიც გინდაო. წარმოგიდგენიათ?
ავნოდარას მთავარი სიცრუე
საიდანაც მათ ე.წ. სინჯი, ანუ საცდელი (სამხილი) თესლი იყიდეს, არის არა „ჰიბრიდული მეურნეობის განვითარების კომპანია“, არამედ „ანკოს შოპი“. კომპანია ორი თვის წინ კოტე ცირეკიძემ და მისმა მეუღლემ დააფუძნეს, ამ ბიზნესთან არც ფორმალური და არც არაფორმალური შეხება ივანიშვილებს არ აქვთ.
ვინ არის კონსტანტინე ცირეკიძე? მის სახელზე არაერთი ე.წ. კომპანიაა დარეგისტრირებული, მათ შორის შპს „ქუთაისის ბიზნეს ჯგუფი“, რომლის 50% მას ეკუთვნის, ხოლო 50% ანა (აი, ანი, რომლის დედამაც ჰოლანდიელი ბიძია-ბაბუა სადღაც გაიცნო და ახლა კანაფის კაკლებს უგზავნის) ჭიღვარიას. სად არიან აქ ივანიშვილები, სად ჩანან? არსად! იგივე ცირეკიძის სახელზეა ასევე შპს „ქუთაისის ბიზნეს ჯგუფი“. რამდენიმე შპს (სარესტორნე საქმიანობა) არააქტიურია.
ფაქტია, ავი ნოდარა ცრუობს, რაღაც არარსებულს დგამს და მერე რაღაც ამბავსაც ჩხლართავს. საიტზე, რომელიც „ჭუტლექსვიზიით“ გვაჩვენეს, გამოყენებულია ლევან ვასაძისა და გირჩი ზურაბას ფოტოები, რაში სჭირდებოდათ ივანიშვილებს ამათი სახეები, რომელი ვარსკვლავები თუ საზოგადო მოღვაწეები ესენი გვყვანან? ესეც ერთი დეტალი, რომელიც ამტკიცებს, რომ ნოდარი მყრალ ფეიკებს ამზადებს. მეტიც, თურმე ბიძინა ივანიშვილი აღელვებულია, რადგან მარიხუანას ქართული ბაზარი უხარისხო პროდუქციით არის გაჯერებული. ახლა კი მიზნად დაუსახავს, თესლის შემოტანით ეს პრობლემა აღმოფხვრას. არა, ამასაც ხომ მოფიქრება უნდა? აბა, წარმოიდგინეთ, როგორ შორს უნდა ქროდეს ადამიანის გონება, ასეთი დამპლური რაღაცა რომ მოიგონოს?!
სიუჟეტში ჭარბპომადიანი ჟჟჟუუუურრრნალისტი დასძენს, ალექსანდრე ივანიშვილისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, მისი შვილი რომ მარიხუანას ბიზნესშია ჩაბმულიო. ამ დროს უჩვენებენ ძველ კადრებს. არავითარი შოკი!
და ბოლოს… ამ ე.წ. სიუჟეტში ყველაფერი არის დადგმული, ცირეკიძე, ვინმე ანი და კურიერი არიან „მსახიობები“. მათ როლები აქვთ გადანაწილებული, რაც შეიძლება დამაჯერებლად უნდა გახვიონ სკანდალში ივანიშვილები. თუმცა, იმის გამო, რომ თვითონაც უნიჭოები არიან და რეჟისორიც (ავნოდარა) უნიჭო ჰყავთ, ამას ვერ ახერხებენ და ვერც მოახერხებენ – დღეს სიცრუეს ფარდა იოლად ეხდება!”