მორალურ დისკომფორტს ნამდვილად განვიცდი იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ ერთი – ოპოზიცია არ ასრულებს ზოგადად თავის მოვალეობას, მხოლოდ თვითონ რომ სჭირდება მაშინ შემოდის პარლამენტში, – ასე მიმართა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა „ლელო საქართველოსთვის“ წევრს ანა ნაცვლიშვილს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
„ბიუროს სხდომები როდის ჩატარდება და ბიუროს რომელი წევრი როდის მივა სხდომაზე, ეს არავის გადასაწყვეტი არ არის. რაც შეეხება რეგლამენტის მონაცემებს, არსებობს რეგლამენტში როგორც ალტერნატიული კანონპროექტი, ისე ალტერნატიული წინადადებები, რომლის საშუალებაც თქვენ ახლაც გაქვთ. თქვენ დღის წესრიგს მიდგენთ, როდის ავდგე, ჩაი როდის დავლიო, ბიუროზე როდის უნდა მოვიდე და მე რომ გითხრათ თქვენ, რეგლამენტით რისი საშუალება გაქვთ, გასაკვირი რა არის?!“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ლელოს“ წარმომადგენელმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ ალტერნატიული კანონპროექტის დაშვება და განხილვა მოითხოვა, რის პასუხადაც, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რომ ეს საკითხი ბიუროს სხდომაზე იყო განსახილველი.
მისი შეფასებით, არალოგიკურია, როცა „ლელო“ ბიუროს სხდომაზე არ გამოცხადდა და საპროცედურო საკითხთა და წესების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოისურვა დოკუმენტის განხილვა.
