საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა, საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, „ლელოს“ წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებას უპასუხა.
„თავს ნუ მოვიტყუებთ. ყველამ ვიცით და კარგად ვხვდებით, რომ ოპოზიციის მხრიდან, ალტერნატიული წინადადების დაყენება პროცედურული ხრიკი იყო, რათა ეს პროცესი უფრო მეტად გაწელილიყო. ფაქტია, რომ ეს არ გამოუვიდათ. თქვენ უნდა აღიაროთ, რომ ეს ნაწილი ნამდვილად წააგეთ. ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებას უფრო მეტად აინტერესებს, არგუმენტირებული დისკუსია მოისმინოს იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს კომიტეტების გაერთიანებული სხდომა განიხილავს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
„ლელოს“ წარმომადგენელმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ ალტერნატიული კანონპროექტის დაშვება და განხილვა მოითხოვა, რის პასუხადაც, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რომ ეს საკითხი ბიუროს სხდომაზე იყო განსახილველი და თუ წინადადების დაყენება სურდათ, ბიუროზე უნდა გამოცხადებულიყვნენ.
