საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯოზეფ სპიშაკი ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) ეწვია.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ნატოელ გენერალს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს და ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ბრიგადის გენერალ ჯოზეფ სპიშაკს საბრძოლო მომზადების ცენტრის ინფრასტრუქტურისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდა.
ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა კურსის საველე კომპონენტის მსვლელობასაც დაესწრო, რომელიც ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ერთკვირიანი სწავლება, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ, JTEC-ის ბაზაზე არსებული წვრთნების შეფასების ცენტრის ორგანიზებით იმართება. კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგება და ქვედა დონის სამეთაურო რგოლისთვის საბრძოლო მომზადებაში შეფასების პრინციპების შესწავლას, სასწავლო ხაზების დაგეგმვისა და მოწინააღმდეგე ძალების გამოყენებით რეალისტური საწვრთნელი გარემოს შექმნის პროცესში უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.
თავდაცვის უწყების ცნობით, საქართველოში სამუშაო ვიზიტის განმავლობაში ნატოელმა გენერალმა შეხვედრები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესა და ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან გამართა. კრწანისში, JFTC -ის მეთაურმა მას ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შესაძლებლობების განვითარების, მიმდინარე წელს საქართველოში დაგეგმილი ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების ორგანიზების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინა.