6 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიბერუსაფრთხოების დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამინისტროს კიბერშესაძლებლობების გაძლიერების საქმეში ჩართული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლა. მინისტრმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ლიეტუვას თავდაცვის ატაშეებს მჭიდრო თანამშრომლობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების კუთხით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა კიბერუსაფრთხოების ბიუროს, როგორც უწყებრივი, ასევე ეროვნული დონის კიბერაქტორის როლი ქვეყნის კიბერთავდაცვითი მდგრადობის უზრუნველყოფაში. მხარეებმა ბიუროში იმდინარე რეფორმები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი, ლუკა მგელაძე დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო 2014 წლის 6 თებერვალს შეიქმნა. კიბერუსაფრთხოების ბიუროს მთავარ ამოცანად თავდაცვის სექტორში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა, ერთ-ერთ პრიორიტეტად კი, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება და ახალგაზრდა კადრების მოზიდვა დასახელდა. თავდაცვის უწყების დოკუმენტში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია 2021-2024 განსაზღვრული მიმართულებები, ადამიანური რესურსების, პროცესებისა და ტექნოლოგიის ოპტიმიზაციის გზით, ხელს უწყობს თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობების ზრდას და მიზნად ისახავს სისტემის ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობას.
„აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს საქართველოს თავდაცვის უწყებასთან, კერძოდ კი კიბერუსაფრთხოების ბიუროსთან კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს სამომავლო თანამშრომლობის გასაგრძელებლად, რათა ერთობლივად კიდევ უფრო გავაძლიეროთ მდგრადობა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
„მსურს, ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს სახელით, საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დაბადების დღე მივულოცო. კიბერსაფრთხეებიდან გამომდინარე, დღეს კიბერუსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა. საქართველოსა და ლიეტუვას კიბერიუსაფრთხოების კუთხით სოლიდური მრავალმხრივი თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენი შეხვედრების დროს კიბერუსაფრთხოების თემა ყოველთვის აქტუალური და დღის წესრიგშია. მოხარული ვარ, რომ ლიეტუვას ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრში ამერიკელი, უკრაინელი, ქართველი და ლიეტუველი ექსპერტები ერთად მუშაობენ. კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს და განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების ბიუროს დაარსების დღეს“, – აღნიშნა ლიეტუვას რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნერიუს ტამოშაიტისმა.