უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ადგილად ბელარუსს არ განიხილავს, – ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ბელარუს ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ ბელარუსი იყო ის ადგილი, საიდანაც, რამდენიმე დღის წინ, კიევს საჰაერო გზით დაესხა რუსეთი თავს.
„აგრესიული ქმედებები თქვენი ტერიტორიიდან რომ არ განხორციელებულიყო, ჩვენ შევძლებდით მინსკში საუბარს. როდესაც თქვენ ნეიტრალურები იყავით, ჩვენ ვსაუბრობდით მინსკში, არაერთხელ გამართულა თქვენს ქალაქში შეხვედრა. ახლა, თქვენ ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ თქვენი მთავარი არჩევანი. ეს არჩევანი მხოლოდ თქვენი, ბელარუსი ხალხის გასაკეთებელია და არა რუსეთის, უკრაინის ან – ამერიკის. ზუსტად ამიტომ, ახლა ჩვენ მინსკზე საუბარი არ გვაქვს. შეხვედრისა და მოლაპარაკებებისთვის, ადგილი შეიძლება იყოს სხვა ქალაქი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, მოლაპარაკება, ომის დასრულება… ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბული, ბაქო – ესაა ყველაფერი ის, რაც ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს. მოლაპარაკებებისთვის გამოდგება ნებისმიერი ქვეყანა, სადაც რაკეტები არ დაფრინავს. მხოლოდ ასე შეიძლება, მოლაპარაკებები იყოს სამართლიანი და ომის დასრულება გამოიწვიოს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.