რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიევის მოსახლეობას დედაქალაქის დასატოვებლად „ღია და უსაფრთხო” დერეფანს სთავაზობს. “მივმართავთ კიევის მოსახლეობას. ქალაქის ყველა სამოქალაქო პირს შეუძლია თავისუფლად დატოვოს უკრაინის დედაქალაქი კიევი-ვასილკოვის გზატკეცილით. ეს მარშრუტი ღია და უსაფრთხოა”, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განცხადებაში.
მისი მტკიცებით, რუსული ძალების სამიზნეს მხოლოდ სამხედრო ობიექტები წარმოადგენს.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს ესხმიან თავს. მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არ ემუქრება”, – აცხადებს კონაშენკოვი.
შეგახსენებთ, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან მინიმუმ 352 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 14 ბავშვი დაიღუპა. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსული ძალები თავს ესხმიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის საცხოვრებელ შენობებს, ბაღებსა და სკოლებს.