ლიეტუვა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რუსეთის ენერგო გაყიდვებზე ემბარგო დააწესოს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ ნავთობისა და გაზის საფასურის გადახდა უკრაინელების სისხლით არ უნდა მოხდეს.
„ენერგეტიკული წყაროებით, რომლის იმპორტსაც ვახორციელებთ, ფინანსდება რუსეთის სამხედრო ოპერაციები. ჩვენ ვერ გადავიხდით ბუნებრივი აირისა და ნავთობის საფასურს უკრაინის სისხლით“, – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე.
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გააფრთხილა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შეუჩერებლობა მსოფლიოს გლობალურ კონფლიქტამდე მიიყვანს.
ენტონი ბლინკენთან გამართულ შეხვედრაზე ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება და რომ მსოფლიო ვალდებულია დაეხმაროს უკრაინელებს ყველანაირი საშუალებით.
„ვგულისხმობ ყველა საშუალებას, თუ ჩვენ გვინდა თავიდან ავიცილოთ მესამე მსოფლიო ომი. არჩევანი ჩვენს ხელშია“, – აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.