შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პირები, რომლებმაც სამართალდამცავებს მთავრობის ადმინისტრაციასთან ფქვილი შეაყარეს და „კეტჩუპი“ შეასხეს, მკაცრად დაისჯებიან. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პოლიციელების შეურაცხყოფა არავის ეპატიება.
„ეს არის ძალიან ცუდი შემთხვევა, სამწუხაროდ. ეს არის მიუღებელი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, რომლებიც ვაჟკაცურად დგანან და ითმენენ. ისინი 3-4 დღე გარეთ არიან იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება დაიცვან. ისინი დგანან იქ და უკაცრავად, მაგრამ ტუალეტის ქაღალდებს და ფქვილს აყრიან და „კეტჩუპს“ ასხამენ თავზე. ეს არის ყოვლად მიუღებელი. არც ვიცი, ამას რა დავარქვა. ეს არის ძალიან არანორმალური საქციელი. ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან კიდეც მკაცრად. ყოველთვის ასე იქნება და ამას არასდროს ვაპატიებთ“, – განაცხადა გომელაურმა.