”ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა პარტიის რამდენიმე ლიდერს სერიოზულად გაურჩია საქმე. ისინი აღშფოთებული იყვნენ იმის გამო, რომ ლიდერებმა სიაში მათ შესაძლო ყოფნაზე განცხადებები გააკეთეს. ჩემი წყაროს ინფორმაციით, მათ განსაკუთრებით შავი დღე მაჭავარიანს აყარეს – სიაში ჩასმას როგორ გვიბედავო”, – ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აკეთებს. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
”რამდენადაც ჩემთან მოვიდა ინფორმაცია, ეს არის ეკა ტყეშელაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი. გიორგი ქადაგიძეც უკმაყოფილო ყოფილა. როცა ასეთ დეფიციტში არიან, ჩასვამდნენ გოცირიძეს სიაში, აბა რას იზამდნენ. ამათი გემი ჩასაძირად არის განწირული. ასეთ გემზე ასვლას კი არავინ მოისურვებს. გახსოვთ, რამდენიმე კვირის წინ გითხარით, გიორგი ვაშაძე აპირებს წამოსვლას-თქო. ხომ გამართლდა ეს ამბავი და წამოვიდა? ასეთივე სიმართლეა ის ამბავიც, რომელზეც ახლა გესაუბრებით. რომან გოცირიძეს და ელენე ხოშტარიას თავი, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტებს, ისე მოჰქონდათ. თითებს გვიქნევდნენ და ქვეყნის მართვას გვასწავლიდნენ. სულ მქონდა ეჭვი, რომ ეგენი ნაციონალების ძუძუს წოვდნენ და სიის წარდგენისას დადასტურდა ეს ამბავი. ექსპერტების სიაში ჩასმით კი დასტურდება, რომ ხალხი არ ჰყავთ. საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ აქ ისეთი ამბები გამოაშკარავდება, ყველა გაოგნებული დარჩება. ძალიან ბევრი პარტია გაიშიფრება. რამდენიმეს უკვე აშკარად ეტყობა, რომ ნაციონალებთან ერთად ერთ ხმაში მღერის”, – ამბობს კარლო კოპალიანი.