უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა მოიპოვა და საჯაროდ გამოაქვეყნა რუსეთის 64-ე მოტომსროლელთა ბრიგადის სამხედროების 87 გვერდიანი სია, რომელთაც ბუჩაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ამ საუკუნეში კაცობრიობა იხილავს ნიურნბერგის ახალ სასამართლო პროცესებს.
“ეს არ არის სპეცოპერაცია, ეს არ არის პოლიციის ქმედებები. ესენი არიან ჩვეულებრივი რასისტები, ფაშისტები. ესენი არიან არაადამიანები, რომლებიც უბრალოდ ჩაიდინეს დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, გააუპატიურეს, მოკლეს, დახვრიტეს. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს ეს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ საუკუნეში კაცობრიობა იხილავს ნიურნბერგის ახალ სასამართლო პროცესებს. ნიურნბერგის სასამართლო პროცესი გაიმართება ან ჰააგაში, ხარკოვში, ან ბუჩაში, ან ირპინში. დღეს ყველა ქალაქი გმირია. ისინი იმსახურებენ კაცობრიობის ისტორიაში ,ფაშისტების წინააღმდეგ ნიურნბერგის სასამართლოს. პირადად მე, დაუსწრებლად გავასამაღთლდებდი და ამას გეუბნები, როგორც იურისტი,”-აცხადებს ოლექსი რეზნიკოვი.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი კი აცხადებს, რომ უკრაინა არ აპირებს მარიუპოლის მიტოვებას, მას უკრაინის შეიარაღებული ძალების ელიტური დანაყოფები იცავენ.
“არავინ აპირებს მარიუპოლის მიტოვებას, ძალიან რთული ბრძოლა გველოდება მისი გათავისუფლებისთვის. ომის პირველ ეტაპზე ჩრდილოეთის მიმართულება იყო გადამწყვეტი, ახლა კი ყველაფერი აღმოსავლეთში წყდება. თუკი ერთობლივი ძალების ოპერაციის ზონას შევინარჩუნებთ, მტერს თავდასხმისთვის რეზერვები აღარ დარჩება. მარიუპოლს უკრაინის შეიარაღებული ძალების ელიტური დანაყოფები იცავენ, დაწყებული აზოვიდან, დამთავრებული საზღვაო ძალებით. ჩვენ ვაკონტროლებთ ქალაქის ძირითად ნაწილს. მარიუპოლში პრობლემას ქალაქში ჩაკეტილი მშვიდობიანი მოსახლეობა წარმოადგენს,”– აცხადებს ოლექსი არესტოვიჩი.
ამ დროისთვის კიევის ოლქის ყველა ქალაქი გათავისუფლებულია რუსი ოკუპანტებისგან და ყველა მათგანს აკონტროლებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.