კვირის ბოლოს ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჟოზეპ ბორელი კიევში ჩავლენ და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. შაბათს კი ისინი პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში, ჩავლენ, უკრაინის მხარდამჭერ მარათონში მონაწილეობის მისაღებად.
უცნობია, მოესწრება თუ არა ევროპელი ლიდერების კიევში ჩასვლამდე რუსეთისადმი დამატებითი სანქციების ამოქმედება, რის აუცილებლობაზეც ევროკავშირის წარმომადგენლები საუბრობენ ბუჩაში ნანახის შემდეგ.
წინასწარი ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთის ნავთობზე, გაზსა და ქვანახშირზე სრული ემბარგოს შემოღებას განიხილავს, საუბარი შეეხება ასევე რუსული გემებისთვის ევროპის პორტებში შესვლის აკრძალვას. თუმცა, ამ საკითხებზე ერთსულოვნება მიღწეული არაა.