აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი უკრაინელი ხალხის კულტურისა და იდენტობის განადგურებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რუსეთი თავს ესხმის სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, მუზეუმებს. არ აქვს სხვა მიზანი, გარდა კულტურის განადგურებისა. ახორციელებს პირდაპირ თავდასხმებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე”, – განაცხადა ბაიდენმა.
ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გლობალური თანამშრომლობის სიძლიერეს რუსული აგრესიის საწინააღმდეგოდ და აღნიშნა, რომ პუტინმა მთელი ევროპის „ნატოიზაცია” მოახდინა და წაახალისა შვედეთი და ფინეთი, ნატოში გაწევრიანებაზე შეეტანათ განაცხადი.
„ქმედებები, რომლებიც განახორციელა პუტინმა, ჩემი შეხედულებით, იყო ევროპის „ფინეთიზაციის” მცდელობა, გაეხადა ის სრულად ნეიტრალური, ამის ნაცვლად მან მოახდინა მთელი ევროპის „ნატოიზაცია”, – განაცხადა ბაიდენმა.
