თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 47 წლის მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მას ცეცხლი მოძრავი ავტომანქანიდან გაუხსნეს. მოტივი უცნობია. დაშავებული კლინიკაში ადგილობრივებმა გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
მეზობლების ინფორმაციით, გასროლამდე მათ ჩხუბის ან რაიმე შელაპარაკების ხმა არ გაუგიათ, რაც შეეხება დაჭრილს, ის ადგილობრივი არ იყო.
ქართულ-ამერიკული ჰოსპიტლის ანესთეზიოლოგიური სამსახურის დეპარტამენტის უფროსის, ქეთევან არაბიძის თქმით, დაჭრილი მამაკაცი ოპერაციის შემდეგ ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში გადაიყვანეს. მისი ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა მდგომარეობა საყურადღებოა.
“გადაუდებელ დეპარტამენტს მიმართა 47 წლის მამაკაცმა, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, პირველადი დამუშავების შემდეგ აყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, სადაც ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. შემდეგ გადაყვანილ იქნა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში, სადაც არის მეთვალყურეობის ქვეშ. ამჟამად მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცაღა საყურადღებო. სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება,” – აცხადებს არაბიძე.
დაჭრის მოტივთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.