ევროპის მაუწყებელთა კავშირი „ევროვიზია 2023“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მაისში ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, EBU მომავალ წელს კონკურსის მასპინძლობის ვარიანტებს უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად იკვლევდა, რომელმაც ადრე 2017 და 2005 წლებში უკვე უმასპინძლა კონკურსს.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებით, ობიექტური ანალიზის შემდეგ, „ევროვიზიის“ მუსიკალური კონკურსის მმართველმა საბჭომ, ღრმა სინანულით დაასკვნა, რომ არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, უსაფრთხოებისა და ოპერაციული გარანტიები, რომლებიც საჭიროა მაუწყებლისთვის ევროვიზიის მასპინძლობისთვის, ვერ იქნება შესრულებული უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.
„რუსეთის შეჭრის შემდეგ წლევანდელი წლის გამარჯვებულ ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო, ევროპის მაუწყებელთა კავშირს დრო დასჭირდა, რათა სათანადოდ შეეფასებინა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური სატელევიზიო პროდუქტია მსოფლიოში, რომელზეც ათასობით ადამიანი მუშაობს; ღონისძიებას, რომელსაც 12-თვიანი სამზადისი სჭირდება, ათასობით მაყურებელი ესწრება, “- აღნიშნულია განცხადებაში.
ამ გადაწყვეტილების შედეგად, წესების შესაბამისად და ღონისძიების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, EBU მოლაპარაკებებს დაიწყებს BBC-თან, როგორც წლევანდელი კონკურსის მეორე ადგილის მფლობელთან, 2023 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსის გაერთიანებულ სამეფოში შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული, რომ უკრაინის გამარჯვება მომავალი წლის წარმოდგენაზე აისახოს. ეს იქნება ჩვენთვის პრიორიტეტი საბოლოო მასპინძლებთან ჩვენი მოლაპარაკებების დროს“, – აღნიშნულია ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი KALUSH ORCHESTRA გახდა. ბენდმა ფინალში სიმღერა Stefania შეასრულა და 631 ქულით ტრიუმფატორად იქცა.