ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნად, დღეს, 19 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის ბოტანიკურ ბაღში საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსა და გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით, სოლიდარობის მარში გაიმართება.
საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიოში 100 მილიონამდე იძულებით გადაადგილებული ადამიანის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსახატად, საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილებთან ერთად, სოლიდარობის მარშში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში გაეროს ხელმძღვანელი, საბინე მახლი, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელი კემლინ ფურლი, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
20 ივნისს, მსოფლიოში ლტოლვლთა დღე 2000 წლიდან აღინიშნება, როდესაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ შესაბამისი რეზოლუცია მიიღო.
„20 ივნისი არის დღე, როდესაც მსოფლიო აღნიშნავს მილიონობით ლტოლვილის სიმამაცესა და გამძლეობას და სოლიდარობას უცხადებს იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა კონფლიქტის, ძალადობისა და დევნის გამო, იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები, ახლობლები და უცხო ქვეყანაში ცხოვრება თავიდან დაეწყოთ. ლტოლვილთა მსოფლიო დღე მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რათა მან გამოხატოს მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებული ოჯახების მიმართ“, – აცხადებენ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოში.
2022 წლის მაისის მონაცემით, მსოფლიოში ომის, ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, 100 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებული გახდა.