რიტორიკა მაქსიმალურად შევარბილეთ – ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობა რეკომენდაციების გათვალისწინებას აპირებს თავიდან ბოლომდე და მუშაობას ამ საკითხებზე.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ ხედავთ ჩვენს რიტორიკას მთელი წინა პერიოდის განმავლობაში და მათ შორის, განსაკუთრებით მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები გაიცა. ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ მოწოდებებს, არ შევაფასებ როგორს, რომ პოლარიზაციის ხარისხი არ ავწიო. უბრალოდ, ვიტყვი ფაქტობრივ რეალობას, რომ ეს მოწოდებები არათუ პოლარიზაციის შემცირებისკენ, არამედ პირველივე წუთებიდან მიმართულია პოლარიზაციის ხარისხის გაზრდისკენ. ეს ყველაზე მთავარი და საგამონაკლისო რეკომენდაციას ეწინააღმდეგება, საგამონაკლისო იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი რეკომენდაცია სხვადასხვა ინტერპრეტაციით უკრაინასაც და მოლდოვასაც აქვს. დეპოლარიზაცია არის ის გამონაკლისი, რაც არც ერთ მათგანთან არ წერია, მხოლოდ საქართველოს შემთხვევაშია და როცა პირველივე წუთიდან იწყებ პოლარიზაციის ხარისხის გაუარესებას შეგნებულად, „ვორდინგიდან“ დაწყებული ქმედებებით დამთავრებული, მე მგონია, რომ ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რამდენად შეუწყობს ეს ხელს ევროინტეგრაციის პროცესს. ჩვენ რეკომენდაციების გათვალისწინებას ვაპირებთ თავიდან ბოლომდე და მუშაობას ამ საკითხებზე. რიტორიკა მაქსიმალურად შევარბილეთ, რომ ვინმემ მიზეზადაც კი ვერ დაასახელოს ჩვენი თუნდაც სიმართლის ლაპარაკი და მეორე მხრიდან ვხედავთ „ფეიკებს“, ზიზღისა და სიძულვილის კამპანიას ვიღებთ მათი ტელევიზიებიდან, მათი პოლიტიკოსებიდან ხელისუფლების გადატრიალების შესახებ მოწოდებებსა და იმ გეგმის განხორციელების მცდელობას, რომელიც ერთი თვის წინ გაიშიფრა, როცა საუბრობდნენ, რომ უკრაინამ და მოლდოვამ თუ მიიღო სტატუსი და საქართველომ არა, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ხელისუფლების გადადგომა და ა.შ. ეს არის პოლარიზაციის გაუარესებისკენ მიმართული და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, თუმცა, მარტო ჩვენზე ეს სამწუხაროდ, არ არის დამოკიდებული,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.