ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების ინფორმაციით, ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო, ტელეკომპანიის სტუდიებსა და ნიუსრუმშიც დაკვამლიანებაა.
არხის ჟურნალისტის, სოფო ვარდიაშვილის ინფორმაციით, ნიუსრუმში ახლა 22 ჟურნალისტი იმყოფება, მათთან ავიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლები, რომლებმაც ადგილზე დარჩენა ურჩიეს და უთხრეს, რომ ახლა ყველაზე უსაფრთხო ადგილას არიან.
„ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ. ამ ეტაპზე კარგად ვართ. ახლა სახანძრო-სამაშველოს თანამშრომლები ამოვიდნენ და გვითხრეს, რომ აქ ვართ ყველაზე უსაფრთხოდ. კარი გვაქვს დაკეტილი იმიტომ, რომ ძლიერი კვამლია ყველა მხრიდან. ლიფტი გათიშეს. ჩვენ ვცადეთ კიბით ჩასვლა, რაც იყო ძალიან საშიში, იმიტომ, რომ კვამლის გამო ხილვადობა საერთოდ არ იყო და უკან ამოვბრუნდით. ველოდებით შემდეგ ინსტრუქციას“, – განაცხადა სოფო ვარდიაშვილმა.
