პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის იმჟამინდელი მთავარი მრჩეველი სიმონ კილაძეპირველი იყო, ვინც ჯაშუშობის ბრალდებით 2006 წელს დააკავეს – თითქოს სპეცსამსახურებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აწვდიდა. მაშინდელი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის დავალებით, კილაძეს დაემუქრნენ, თუ დანაშაულს არ აღიარებდა, მის შვილებს ფიზიკური განადგურების საფრთხე შეექმნებოდათ. საბოლოოდ, კილაძე იძულებული გახდა, დანაშაული ეღიარებინა, რის შემდეგაც ერთწლიანი პატიმრობა და 5-წლიანი პირობითი მსჯავრი დაედო.
გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს, რომელიც გაზეთმა “კვირის პალიტრამ” სიმონ კილაძესთან ჩაწერა.
– რა გედებოდათ ბრალად?
– ბრალად წამიყენეს ჯაშუშობა უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ, თითქოს კავშირი მქონდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან და მასალებს ვაწვდიდი ქვეყნის პირველი პირების ვიზიტების შესახებ – პრეზიდენტი ვის ხვდება, რომელ საათზე და ა.შ. ეს ინფორმაცია ყველასთვის, განსაკუთრებით კი ჟურნალისტებისთვის, ისედაც ცნობილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯაშუშობად ჩამითვალეს. მე აშშ-ის საელჩოს ვაწვდიდი ქართული პრესის ანალიტიკურ მიმოხილვას, მასალებს, რომლებშიც კრიტიკულად იყო ასახული ხელისუფლების საქმიანობა. უკმაყოფილებას გამოვთქვამდი ხელისუფლების მიმართ. სწორედ ჩემი დაპატიმრების წინა პერიოდში მოხდა გირგვლიანის საზარელი მკვლელობა, ამას დაემატა ციხის ბუნტი. მღელვარება მატულობდა, დაიწყო აქციებიც. რა უნდა ექნათ? აუცილებელი იყო მოსახლეობის ყურადღების სხვა რამეზე გადატანა. გადაწყვიტეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, მთავარი მრჩეველი სიმონ კილაძე დაეკავებინათ. მოგვიანებით მითხრეს, შენმა დაპატიმრებამ ყველა ინფორმაცია გადაფარაო.
– ჩემი დაკავება ვიწრო წრეში გადაწყდა: მერაბიშვილმა, ადეიშვილმა და არველაძემ მოითათბირეს, შემდეგ გეგმა პრეზიდენტს შეატყობინეს, სააკაშვილიც დაეთანხმა. პასუხი უნდა აგონ მაშინდელმა პრეზიდენტმა და მაღალჩინოსნებმა, ადეიშვილის, არველაძის, ჟღენტის ჩათვლით. დანარჩენი წვრილფეხობაა, რომლებიც მითითებას ასრულებდნენ. 2010 წელს, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ინტერვიუ მივეცი “ამერიკის ხმას”, ვამხილე “ნაციონალები”, რისთვისაც ტელეფონით მკაცრი გაფრთხილება მივიღე. 2012 წლიდან დავიწყე ჩემი საქმის პროკურორის ძებნა, მაგრამ მითხრეს, აქ აღარ მუშაობსო. ვერ გავიგე გენერალ შალვა ჟღენტის ასავალ-დასავალიც. არველაძე და ადეიშვილი უცხოეთში არიან გაქცეული, მერაბიშვილი კი ვიცით, სადაც ზის. ხელახალი გამოძიება დროს მოითხოვს, მაგრამ იმ იმედით, რომ ჩემი უდანაშაულობა დადასტურდება, ღირს მოთმენა.