“კავკასია არასტაბილური რეგიონია, ხვალ-ზეგ რა მოხდება, არავინ იცის – რა მოხდება და პუტინმა შავი ზღვისპირეთზე გავლენის გაფართოების უფლება დაიტოვა. ახლა რაკი უკრაინას კარგავს, გეგმა “ბეს” ამუშავებს”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, გაწონასწორებულმა პოლიტიკამ სასურველი შედეგი არ მოიტანა და რუსეთი ანექსიას თავხედურად განაგრძობს.
“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი აფხაზეთში 49-წლიანი იჯარით შედის, მაგრამ აქამდე ეს მხოლოდ შენობებს ეხებოდა. ასეთივე ხელშეკრულებით აქვთ წაღებული სანატორიუმები, პანსიონატები, სახელმწიფო აგარაკები… მაგალითად, ბიჭვინთა-მიუსერის ტერიტორიაზე არსებული აგარაკები ამდენივეწლიანი იჯარით არის გაცემული. ამჯერად, რუსეთს დასახლებული პუნქტები, სოფელი ლიძავა და მთლიანი მიმდებარე ტერიტორია მიაქვს. რუსები სოფლების აყრას, მოსახლეობის გაძევებას აპირებენ. ქართულ სოფლებში, სადაც ომამდე ქართველები ცხოვრობდნენ, შემდეგ კი აფხაზები ჩასახლდნენ, მათაც ყრიან. ვისაც აყრა არ მოუწევს, ანუ მიმდებარედ ცხოვრობენ, სპეციალური საშვებით მოუწევთ მიმოსვლა. იქ ადრეც იდგა უსაფრთხოების სამსახურის ნაწილი, რომელიც მოსახლეობისგან ორმეტრიანი ღობით იყო გამიჯნული, ახლა კი მიმდებარე სოფლები და ფიჭვის ტყეებიც მიაქვთ.
რაც შეეხება გალის რაიონში ე.წ. ჯაშუშობისთვის დაკავებული გოგონას საქმეს, არა მგონია, აფხაზებს ამის სჯეროდეთ. ბჟანიას გუნდი ცდილობს საპროტესტო მუხტი, რაც ბიჭვინთის ამბებს მოჰყვა, სხვა მიმართულებით წარმართოს, რადგან იცის, რომ ხალხი შეეცდება ამ დოკუმენტის რატიფიცირება არ მოხდეს. თუ მოახდენს, ამის შემდეგ გამოჩნდება, ხალხი რამდენად აღშფოთებულია და შესაძლოა ქუჩაში გამოვიდეს. თუ პროტესტი მცირე მასშტაბის იქნება, რუსეთი ამ უკანონობას დააკანონებს და ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება. საქმე ის არის, რომ ამ უკანონობას არც საქართველოს ხელისუფლება აპროტესტებს. აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ასეთი დიდი საფრთხის პირისპირ ერთიანობა არ ყოფილიყო – ყოველთვის, როდესაც მსგავსი შემთხვევები ხდებოდა, ჩვენ და აფხაზები ვერთიანდებოდით. ახლა კი რა ხდება? მხოლოდ პრეზიდენტი აკეთებს განცხადებებს, მაგრამ მას არა აქვს იმხელა უფლებამოსილება, რამე შეცვალოს, პარლამენტი კი დუმს. არადა, გაწონასწორებულმა პოლიტიკამ არ მოგვიტანა სასურველი შედეგი, რუსეთი თავხედურად განაგრძობს ანექსიას. ვცდილობ ჩვენი ხელისუფლების რუსეთთან დაკავშირებულ პოლიტიკას გავუგო, მაგრამ ვერ ვხვდები, რა არის ამის ფასი, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს რუსეთის გულის მოსაგებად. რუსეთს შავი ზღვისპირეთი სჭირდება და ცდილობს იპოვოს გზები, თუ როგორ გამოძვრება სიტუაციიდან, რადგან აცნობიერებს უკრაინაში დამარცხების ალბათობას. როდესაც ყარაბაღში საომარი მოქმედებები დასრულდა, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი – პუტინმა საომარი მოქმედების დასრულებიდან ორ დღეში მოულოდნელად გამონახა დრო ბჟანიასთვის, სოჭში შეხვდა და იმ ყბადაღებულ ე.წ. ჰარმონიზაციის 45-პუნქტიან დოკუმენტს ხელი მოაწერა – ანუ წინასწარ დაიბევა.
კავკასია არასტაბილური რეგიონია, ხვალ-ზეგ რა მოხდება, არავინ იცის, რა მოხდება და პუტინმა შავი ზღვისპირეთზე გავლენის გაფართოების უფლება დაიტოვა. ახლა რაკი უკრაინას კარგავს, გეგმა “ბეს” ამუშავებს, – ამისთვის სჭირდებოდა მას ქართული მხარის სიჩუმე და თუ ”ოცნება” დუმს, ოპოზიციამ და საზოგადოებამ უნდა ამოიღონ ხმა. თუკი ადრე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას “სტრატეგიულ დუმილს” უწოდებდნენ, ასე აპირებენ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებასო, ახლა ახსნან, რა მოუტანა ქვეყანას ამ დუმილმა და რის დაბრუნებაზეა საუბარი. დუმილის პოლიტიკას საქართველოსთვის სიკეთე არ მოუტანია. რუსეთთან დაპირისპირების თავიდან აცილებით ომი ავიცილეთო… ომით რატომ უნდა აიღოს კრემლმა ის, რასაც უომრად იღებს?!”,- აცხადებს ზაქარეიშვილი.