საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მათ შორის გამოეხმაურა მამა დოროთე ყურაშვილის საპატრიარქოში დაბარებას და განაცხადა, რომ ის არც დასასჯელად დაუბარებიათ და არც პოლიტიკური განცხადებების გაკეთება აუკრძალიათ.
როგორც ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნავს, შეკითხვები იყო არა პოლიტიკურ, არამედ ეკლესიის შეურაცხმყოფელ შეფასებებზე.
„არც ერთი კომენტარი ამ სასულიერო პირების, არც მამა დოროთესი, არც მამა ილიასი არ განხილულა იმ ჭრილში, რომ მათ გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები. იყო მხოლოდ ის, თუ რატომ აკეთებს შეურაცხმყოფელ შეფასებებს და რატომ აყენებს შეურაცხყოფას ეკლესიას, პატრიარქს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, პატრიარქის ადმინისტრაციას და დანარჩენ სასულიერო პირებს. მაგალითად, იყო ის, რომ პროტესტზე არის ის ხალხი, ვინც ნათელ მხარეს არის და დანარჩენები არიან სიბნელეში. არ არის შეურაცხყოფა?
შეურაცხმყოფელი იყო, რომ რუსი ეგზარქოსები მართავენ დღესაც ეკლესიას, რომ ეკლესიას სურდა სისხლის ღვრა 4 ოქტომბერს. ეს გამონათქვამები ნორმალურია?
ჩვენ, საპატრიარქო სულ ვაკეთებთ განცხადებებს და მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, რომ მსგავსი განცხადებები, რომლებიც საზოგადოებაში პოლარიზებას იწვევს, არ უნდა კეთდებოდეს სასულიერო პირებისაგან“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მან ასევე განმარტა, რატომ არ აკეთებს შეფასებებს ეკლესია პოლიტიკურ საკითხებზე.
„ამ შემთხვევაში, როდესაც შეფასებებს არ ვაკეთებთ, განა იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ვინმეს მტრობა გვაქვს განზრახული, არამედ არ ვეთანხმებით ბევრ შეფასებას, რომელიც კეთდება პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან. მაგალითად, არ ვეთანხმებით დასკვნას, რომ არჩევნები გაყალბდა. პატრიარქმა მიულოცა „ქართულ ოცნებას“ არჩევნები და მიიღო მონაწილეობა. დოროთეს ეს ვუთხარით ჩვენ პირველ შეხვედრაზე და სრულიად ტყუილი გამოიტანა გარეთ“, – განაცხადა დეკანოზმა.
ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ დოროთე ყურაშვილის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციაზეც ისაუბრა.
„[შეხვედრაზე] ჩანაწერის უფლებაც მივეცით და მერე რაც გარეთ მოყვა, იყო, რომ მას სჯიდნენ – დასასჯელად არ დაუძახიათ მისთვის; რომ მას პოლიტიკური განცხადებები აუკრძალეს – მსგავსი არაფერი ყოფილა. თვითონაც კალამბურს ამბობს – ჩემთვის არ უთქვამთ, პოლიტიკური შეფასებები არ გააკეთო, მაგრამ ამისთვის დამიბარესო. რას ნიშნავს ეს წინადადება, გესმით შინაარსი? – არ უთქვამთ მისთვის, რომ პოლიტიკური შეფასებები არ გააკეთოო, მაგრამ ამისთვის დამიბარესო. ბოლო-ბოლო ადამიანს გაუფრთხილდით და ნუ აქეზებთ ასეთ რაღაცებზე, დაღუპვის გზაზე დგას“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს საპატრიაქროს ინფორმაციით, ეპარქიულმა კომისიამ დასკვნის სახით დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები – ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები.
არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია) კი, ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა.
