სოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, აქციების სახით, დაახლოებით ტრილიონ დოლარს მიიღებს.
„ტესლას“ აქციონერებმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ტრილიონი დოლარით დასაჩუქრების გეგმა დაამტკიცეს, რაც კორპორატიული ანაზღაურების ისტორიაში ყველაზე დიდი პაკეტია. თუმცა, ამ თანხის მიღებამდე მაგნატს მთელი რიგი ამბიციური ამოცანების გადაჭრა მოუწევს.
ასეთი სოლიდური ანაზღაურება ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის ირლანდიის, შვედეთის, არგენტინის და პორტუგალიის მთლიანი შიდა პროდუქტის ეკვივალენტია.
ეს ინიციატივა 75 პროცენტზე მეტი ხმით დამტკიცდა, თუმცა რამდენიმე ცნობილმა აქციონერმა მას მხარი არ დაუჭირა.
კენჭისყრის შედეგებით დადასტურდა აქციონერთა უმრავლესობის რწმენა, რომ მასკს შეუძლია კომპანიას უხელმძღვანელოს ეპოქაში, რომელშიც რობოტიკა და ხელოვნური ინტელექტი დომინირებს.
„მადლობა ყველას“, – განაცხადა მასკმა, მას შემდეგ, რაც სცენაზე, კომპანიის რობოტ „ოპტიმუსთან“ ერთად, მცირე ხნით იცეკვა. „ის, რასაც ვიწყებთ, „ტესლას“ მომავალში მხოლოდ ახალი თავი კი არა, არამედ სრულიად ახალი წიგნია“, – დასძინა მან.
თუმცა, ამ ტრილიონდოლარიანი ანაზღაურების პაკეტის მისაღებად, „ტესლას“ აღმასრულებელი დირექტორი კომპანიის წინაშე მდგარი ამბიციური ამოცანების მთელ სერიას უნდა გაუმკლავდეს.
მასკის გრძელვადიანი მიზნები გულისხმობს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 20 მილიონი ავტომობილის გამოშვებას, ერთი მილიონი რობოტაქსის ექსპლუატაციაში გაშვებას, ერთი მილიონი რობოტის გაყიდვას და 400 მილიარდ დოლარამდე საოპერაციო მოგებას. პარალელურად, უნდა გაიზარდოს „ტესლას“ აქციების ღირებულება: ჯერ 1.5 მილიარდი დოლარიდან 2 მილიარდამდე, შემდეგ კი – 8.5 მილიარდამდე.
თითოეული ამ ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, მასკი „ტესლას“ აქციების ერთ პროცენტს იღებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გეგმამ შეიძლება მასკს ათობით მილიარდი დოლარი მოუტანოს მაშინაც კი, თუ ის მიზნების უმეტესობას ვერ მიაღწევს.
თუ აღმასრულებელი დირექტორი ყველა ამოცანას გაართმევს თავს, ის აქციების 12%-ს მიიღებს, რაც ერთი ტრილიონი დოლარის ეკვივალენტია, თუმცა სავალდებულო გადახდების შემდეგ ეს თანხა 878 მილიარდ დოლარამდე შემცირდება.
აქციონერებისთვის მადლობის გადახდის შემდეგ, ილონ მასკმა სცენაზე რამდენიმე დაპირება დადო, მომავალი წლის აპრილში რობოტაქს „საიბერკაბის“ წარმოებიდან დაწყებული და ელექტრო-სპორტული მანქანა „როდსტერის“ შემდეგი თაობის პრეზენტაციით დამთავრებული.
მასკმა ასევე განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ჩიპების წარმოებისთვის, „ტესლას“ „ჩიპების გიგანტური ქარხანა“ დასჭირდება, რისთვისაც მას „ინტელთან“ თანამშრომლობა მოუწევს.
აქციონერებმა ხელახლა აირჩიეს „ტერსლას“ დირექტორთა საბჭოს სამი წევრი, მხარი დაუჭირეს ყველა დირექტორის ყოველწლიურად არჩევნებს და დაამტკიცეს მასკის წინა პაკეტის ჩანაცვლების გეგმა, რომელიც ანაზღაურების საკითხებს შეეხებოდა და სასამართლოშია გასაჩივრებული.
„სხვა აქციონერთა შეხვედრები მოსაწყენია, მაგრამ ჩვენთან არნახული რამ ხდება, – თქვა მასკმა, – შეხედეთ, რა ამბებია! ეს ნამდვილი სენსაციაა“.
