დღეს თუ ამ საკითხზე მსჯელობას გააგრძელებთ, ჩვენს შორის არანაირი დიალოგი აღარ იქნება, იქნება დიდი მწვანე რევოლუცია, – ამის შესახებ „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ დღეს კომიტეტების გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ხეების ჭრის პროცედურის გამარტივების შესახებ “M²”-ის ინიციატივას განიხილავენ.
„ჩვენი დიდი თხოვნაა, ეს ყველაფერი შეჩერდეს და დიალოგის რეჟიმში დავსხდეთ და განვიხილოთ, რაზე არის საუბარი. პარლამენტის დონეზე გვსურდა განხილულიყო დაავადებულ ხეებზე ფიტოსანიტარიის ჩატარება, რასაც სამი წელი ვერ მივაღწიეთ. ახლა უცებ შემოტანილ წერილზე 5 დღეში დაინიშნა განხილვა, რაც ჩვენი აზრით სწორი არ არის. საზოგადოების მაღალი მოთხოვნა არის, რომ ამ წერილის განხილვა გადაიდოს. დეველოპერებთან ერთად დავსხდეთ და განვიხილოთ“, – განაცხადა ფერაძემ.
მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკე დეველოპერები, ცალკე პარლამენტი მიიღებს ძალიან დიდ საპროტესტო ტალღას.
„წყალში ყრით იმ შრომას, რაც „პარტიზანულმა მებაღეობამ“ და არაერთმა ორგანიზაციამ ჩავდეთ ამ საქმეში. სულ სხვა კუთხით მიდის მუშაობა. ეს იქნება დიდი ზიანი ბუნებისთვის და მიიღებთ უდიდეს საპროტესტო ტალღას“, – განაცხადა ფერაძემ.
ნატა ფერაძის თქმით, მას სურს ჯანსაღ ქალაქში ცხოვრება, მათ კი სურთ საერთოდ დააბეტონონ ქალაქი. სხდომაზე მანამდე დეპუტატებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ელენე ხოშტარიამ მიმართა და გაერთიანებული კომიტეტების ხელმძღვანელობა ნაჩქარევად გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა.
„ნუ გაგიკვირდებათ ასეთი დამოკიდებულება. თქვენ ხართ მთავრობა, რომელმაც ყველანაირი კანონმდებლობის დარღვევით მოჭერით ხეები ყაზბეგზე, ისე რომ დღემდე გაურკვეველია ვისი ბრალია და რასთან იყო ეს დაკავშირებული. ადამიანები, რომლებიც შემდეგ ამას აპროტესტებდნენ, „ვირიშვილო მაიმუნოთი“ შეამკეთ. ამიტომ ეს ემოციური ფონი ნამდვილად ნუ გაგიკვირდებათ“, – აღნიშნა ხოშტარიამ.
“M²”-ის ინიციატივის თანახმად დაავადებული მწვანე ნარგავების მოჭრა მესაკუთრეს თავისი ტერიტორიის საზღვრებში თანხის გადახდის გარეშე უნდა შეეძლოს. ამასთან, კრიტიკის საფუძველი გახდა “M²”-ის წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი, სადაც ნათქვამია: “მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი ქალაქის ტერიტორიაზე საჭიროების შემთხვევაში ჯანსაღი ხეების მოჭრის მიმართ. მოგეხსენებათ, თბილისის ტერიტორია არსებითად დაფარულია მწვანე საფარით, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებს ხის მოჭრის შესაძლებლობა, ბიზნესი მნიშვნელოვნად შეფერხდება”.
საპარლამენტო უმცირესობა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციები მოითხოვენ, აღნიშნულ საკითხს საკანონმდებლო მსვლელობა არ მიეცეს და სამუშაო ჯგუფის ფორმატში მოხდეს განხილვა.