პარიზის მახლობლად, ტრაპსა და ლა-ვერიერში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 39 წლის კევინ ტ.-ა. 23 ოქტომბერს მან ავტომობილიდან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ხუთი დაშავდა.
Le Monde-ის ინფორმაციით, დაკავებულმა პოლიციელებს განუცხადა, რომ 17 ოქტომბრის არეულობისას გაძარცვული მაღაზიების მფლობელების გამო შურისძიება სურდა. გამოცემის წყაროების ცნობით, მან აღიარა, რომ მიზანმიმართულად ესროდა ფერადკანიანებს და არაბებს. მის საცხოვრებელში ჩხრეკისას ადოლფ ჰიტლერის წიგნის — „მაინ კამპფის“ — ეგზემპლარიც აღმოაჩინეს.
დაღუპული 26 წლის MMA-ის მოყვარული მებრძოლი პენგო ბოსიო ვანგია. მისი გარდაცვალება სპორტულმა კლუბმა Atch Academy-მ დაადასტურა. დაშავებულთა შორის 12 წლის გოგონაც არის.
ეჭვმიტანილი დაკავებულია. საქმეს საფრანგეთის ეროვნული ანტიტერორისტული პროკურატურა ტერორიზმთან დაკავშირებული მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობების მუხლებით იძიებს, რასობრივი ან რელიგიური მოტივის გათვალისწინებით.
