„კონტრდაზვერვის კანონის ის ნორმა, რომლის გაუქმებასაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, იმდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ მისი გაუქმება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს.
„კონტრდაზვერვის კანონის ის ნორმა რომლის გაუქმებასაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, იმდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ მისი გაუქმება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, კონტრდაზვერვითი და კონტრტერორისტული საქმიანობის განმახორციელებელი დანაყოფების ეფექტურად მუშაობისთვის განსაზღვრული ინსტრუმენტების შეზღუდვის მოთხოვნა არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ხელის შეშლის მცდელობა და ხელ-ფეხის გახსნა ტერორისტებისა და არაკეთილმოსურნეთათვის.
სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკა ხომ სწორედ ის არის, რომ პრევენცია განახორციელოს და ტერორისტებამდე ადრე გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, ამიტომ მათ კონტრდაზვერვითი საქმიანობის წარმოებაში, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ხელოვნურ ბარიერებს და დამატებით პრობლემებს არ უნდა ვუქმნიდეთ.
მითუმეტეს, დღეს მომეტებული საფრთხეების ფონზე, როდესაც მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში, უსაფრთხოების სამსახურებს უფლებამოსილებას უზრდიან და სახელმწიფოების ძალისხმევა უსაფრთხოების სამსახურების, გაძლიერებისკენ არის მიმართული, განსაკუთრებით კონტრდაზვერვის მიმართულებით.
ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მსგავსი დაუფიქრებელი მოთხოვნებით, ჩვენ შეიძლება საფრთხე შევუქმნათ ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახების, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას. ამიტომ სანამ მსგავს სარჩელებს მოვამზადებთ, უმჯობესი იქნება თვალები ფართოდ გავახილოთ და კარგად დავინახოთ რა ხდება მსოფლიოში“ – წერს ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.