Rocket Lab-ი ამ კვირაში კოსმოსში რაკეტას გაუშვებს, რომლის სიმაღლის გამაძლიერებელსაც ვერტმფრენის საშუალებით დაიჭერენ მაშინ, როდესაც უკან, მიწისკენ დაეშვება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Dailymail ავრცელებს.
რაკეტა, სახელწოდებით Electron საკვლევ სატელიტს ორბიტამდე მიიყვანს და გზის პირველ ეტაპზე გამოეყოფა. ამის შემდგომ, უკან, ატმოსფეროში ჩამოვარდება და პარაშუტს გახსნის, რათა მისი სიჩქარე მაქსიმალურად შემცირდეს, რაც დაახლოებით 5,150 მილი საათში იქნება.
მოდიფიცირებული ვერტმფრენი Sikorsky S-92 თავის და გამაძლიერებლის სიჩქარეს ერთმანეთს შეუთავსებს და გახსნილ პარაშუტს მასზე მიმაგრებულ კაუჭზე წამოაცვამს, რის შემდეგაც გამაძლიერებელს ახალ ზელანდიაში, ოკლენდში დააბრუნებს. ოპერაციის წარმატების შემთხვევაში Electron მსოფლიოს პირველი ხელახლა გამოყენებადი პატარა რაკეტა გახდება.
„ვერტმფრენით რაკეტის დაჭერის პირველი ოპერაცია რამდენიმე თვის წინ განვახორციელეთ და ამან დაგვარწმუნა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რასაც Electron-ის შემთხვევაში ვაპირებთ. ჩვენი მიზანია, რომ ვერტმფრენმა რაკეტა ისტორიაში პირველად, ბაზაზე მშრალ კონდიციაში მოგვიტანოს, რაც მის ხელახლა გამოყენებას შეგვაძლებინებს“, – განაცხადა Rocket Lab-ის დირექტორმა და დამფუძნებელმა, პიტერ ბეკმა.
მისია სტარტს მაჰია პენინსულადან აიღებს. ვერტმფრენი დანიშნულების ადგილზე, რაკეტის გაფრენამდე გაემართება, რომელიც დაახლოებით 160 საზღვაო მილით არის დაშორებული პენინსულადან.
მისიას სახელი „დამიჭირე თუ შეგიძლია“ დაერქვა, რომელიც ბეკს Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა შესთავაზა.
Electron-ის მისიის ყურება საზოგადოებას პირდაპირ ეთერში შეეძლება.