უკრაინაში საჯარო მოხელეებმა ჯავშანჟილეტების საყიდლად განკუთვნილი 250 მილიონი გრივნა (6,7 მილიონი დოლარი) მიითვისეს. ამის შესახებ უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო იტყობინება.
„გამოძიების სახელმწიფო ბიუროს თანამშრომლებმა ამხილეს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი, სახელმწიფო საწარმო „უკრპატენტის“ ხელმძღვანელობა და ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი 250 მლნ გრივნას ოდენობის სახელმწიფო სახსრების მითვისებაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოძიების ინფორმაციით, თანხები თითქოსდა მოხალისეთა ანგარიშებზე, სამხედროებისთვის ჯავშანჟილეტების შესაძენად ირიცხებოდა, შემდეგ კი ამ ფულს საჯარო მოხელეები ითვისებდნენ. საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხული ფული რამდენიმე ფიქციური ფირმის გამოყენებით გაანაღდეს, რის შემდეგაც „უკრპატენტის“ დირექტორმა უკრაინა დატოვა, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი კი თანამდებობიდან გადადგა.