„თავი წარმოვიდგინე კომპარტიაში, სადაც ჩემი „დაკაჩავება“ განსხვავებული აზრის გამო ხდებოდა!“
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი და პარტიაში ვითარება უკიდურესადაა დაძაბული. ყოველ შემთხვევაში, ცალკეული ლიდერები ღიად ამბობენ, რომ საკუთარი თანაგუნდელები ემუქრებიან. მუქარის მსხვერპლი, როგორც თვითონ ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაციის _ სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი და ყოფილი მმართველი გუნდის გულშემატკივარი ზვიად კუპრავაც გახდა ანუ მედიაში გაკეთებული განცხადებების გამო, გიგა ბოკერიამ ,,საქმე გაურჩია”. კუპრავას თქმითვე, ენმ-ს პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბოკერიას გუნდი დაუპირისპირდა და სიტუაცია გიორგი ონიანს რომ არ განემუხტა, დაპირისპირება უკიდურესად მძიმე ფორმას მიიღებდა. რა გახდა ბოკერიას მხრიდან კუპრავაზე ზეწოლის მიზეზი, გაიყოფა თუ არა ენმ ორ ნაწილად და სააკაშვილთან მწვავე დაპირისპირების გამო, შექმნის თუ არა ბოკერია ახალ პარტიას? _ ამ და სხვა კითხვებით ,,ვერსიამ” ენმ-ს გულშემატკივარ ზვიად კუპრავას მიმართა.
_ ბატონო ზვიად, როგორც აცხადებთ, პარტიის წევრი არ ხართ. ესე იგი, ენმ ე. წ. სამოქალაქო პირებსაც ემუქრება?
_ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დაცვაზე სრული პასუხისმგებლობა გიგა ბოკერიას გუნდმა აიღო. არჩევნების დამთავრების შემდეგ კი დავინახეთ, რომ ამ გუნდმა შედეგი ვერ აჩვენა. ასევე, ვნახეთ ტოტალური გაყალბება სამეგრელოსა და აჭარაში. არჩევნების დამთავრების შემდეგ, მედიასა და სოციალურ ქსელშიც გამოვთქვი კრიტიკული აზრი და გულისტკივილი, რომ ამ გუნდმა ხმები ვერ დაიცვა და მეტიც, განცხადებით, არჩევნები არ გაყალბებულა და სამართლიანად ჩატარდაო, ჩემშიც და სხვა მხარდამჭერებშიც ხმის დაცვის სურვილი ჩაკლეს. სწორედ ამის გამო მოხდა ენმ-ს პოლიტსაბჭოზე ჩემსა და ბოკერიას გუნდს შორის დაპირისპირება.
_ თუ პარტიის წევრი არ ხართ, პოლიტსაბჭოს სხდომას რატომ ესწრებოდით?
_ არ ვესწრებოდი, უბრალოდ, ინფორმირებული ვიყავი, პოლიტსაბჭო როდის უნდა ჩატარებულიყო და როგორც გულშემატკივარსა და მხარდამჭერს, მაინტერესებდა, პარტიას რა ბედი ელოდა. იქ ამიტომ მივედი და ,,საქმის გარჩევის” ინციდენტიც პოლიტსაბჭოს დაწყებამდე მოხდა.
_ კონფლიქტი კონკრეტულად გიგა ბოკერიასთან მოგივიდათ?
_ კონკრეტული გვარების დასახელებას არ ვაპირებ. ჩემს განცხადებებთან დაკავშირებით ,,გარჩევა” არაერთმა დეპუტატმა დამიწყო და პასუხს ქუჩური ელემენტებით მთხოვდა, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რადგან პოლიტსაბჭოსა და პარტიაში, ,,რაზბორკების” ადგილი არაა. ამ ინციდენტის დროს გიგა ბოკერია იქვე იდგა და მათთვის ხელი არ შეუშლია. თავი წარმოვიდგინე კომპარტიაში, სადაც ჩემი ,,დაკაჩავება” განსხვავებული აზრის გამო ხდებოდა!
_ თქვენი აზრით, პარტია, რომელიც თავს დემოკრატიული პრინციპებით იწონებს, კომპარტიულ სტრუქტურამდე რამ მიიყვანა?
_ პირველ რიგში, იმ ჩაკეტილობამ, რომელიც 2012 წლიდან დღემდე გრძელდება. ეს პარტია ახალგაზრდებისა და სხვა პარტიებისთვის, სამწუხაროდ, მიზიდულობის ცენტრი ვერ გახდა.
_ ეს მხოლოდ ბოკერიასა და მისი გუნდის ,,დამსახურებაა”?
_ პარტიას დღემდე გიგა ბოკერია მართავს, შესაბამისად, პარტიის ყველა ქმედებაზე პასუხისმგებელიც ისაა. სერგო რატიანი აღმასრულებელი მდივანია, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ გადამწყვეტი სიტყვა ბოკერიას ეკუთვნის.
_ ყველაფერ აქედან გამომდინარე, 20 იანვარს, ანუ ყრილობაზე, აზრთა სხვადასხვაობა მწვავე დაპირისპირებაში გადაიზრდება?
_ არ მგონია, რომ 7000-კაციანი ჩხუბი მოხდეს. ჩემთვის, მსგავსი დაპირისპირება, ნებისმიერი მხარისგან მიუღებელია.
_ ისე, 20 იანვარს, ყრილობას დაესწრებით?
_ როგორც გითხარით, პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ ალბათ, დავესწრები.
_ თუ ენმ-ს ასეთი გულშემატკივარი ხართ, პარტიაში რატომ არ შედიხართ?
_ განვმარტავ, რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის კი არა, ყველა იმ პარტიის გულშემატკივარი ვარ, რომელიც დასავლეთსა და იმ ღირებულებებზეა ორიენტირებული, როგორიც სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია და ლიბერალიზმია, თუმცა ენმ-ს უფრო მეტად ვგულშემატკივრობ, რადგან ამ პარტიებს შორის ლოკომოტივი და ძირითადი პარტიაა.
_ წეღან სამეგრელოში არჩევნების გაყალბება ახსენეთ. არსებობს ვერსია, რომ სანდრა რულოვსს ენმ-ს, კერძოდ კი, ბოკერიას გუნდი დაუპირისპირდა და მეორე ტურში მონაწილეობა ამის გამო არ მიიღო. მართალია?
_ ისევე, როგორც ყველგან, არც სამეგრელოში მოხდა სანდრა რულოვსის ხმების დაცვა. მას ხმები უბნის დარბევებითა და შევარდნებით ყაჩაღურად წაართვეს, რაზეც ოპოზიციას ადეკვატური რეაქცია არ ჰქონდა. რულოვსს უზარმაზარი მხარდაჭერა ჰქონდა, რაც ზუგდიდში ჩემი თვალით ვნახე, მაგრამ ცესკო-მ გაყალბებული შედეგი დადო. პრეტენზიაც სწორედ ამაზე მქონდა.
_ ანუ, ბოკერიას გუნდმა ხმები მიზანმიმართულად არ დაიცვა?
_ ძალიან მინდა, ვიფიქრო, რომ ვერ მოახერხა… ვინაიდან ეს ჩვენი პირადი საუბარი არაა და ამას ბევრი წაიკითხავს, ჭორის დონეზე და მტკიცებულებების გარეშე ვერ ვილაპარაკებ!
_ ბოკერიას გუნდის მოქმედება მაშინვე რატომ არ გააპროტესტეთ?
_ შიდა სივრცეში ამაზე საუბარი მუდმივად მქონდა. უბრალოდ, მაშინ საჭიროდ არ ვთვლიდი, ეს პოზიცია გამესაჯაროვებინა, რადგან ისედაც კრიტიკული სიტუაცია იყო.
_ ბატონო ზვიად, მაინც, რას ფიქრობთ, ყრილობაზე რა მოხდება?
_ 20 იანვარს, ყრილობა, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითია, გადაწყვეტილებას მიიღებს და სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნება ,,კონსტიტუცია” პარტიისთვის და ყველა ვალდებულია, მას პატივი სცეს. ზუსტად ვერ ვიტყვი, რა მოხდება, თუმცა გარკვეული პროგნოზი მაქვს.
_ თქვენი პროგნოზით, სააკაშვილი გაიმარჯვებს თუ ბოკერია?
_ ამომრჩევლის 90%-იანი უმრავლესობა მხარს მიხეილ სააკაშვილის ფიგურასა და მის პოლიტიკურ პოზიციებს უჭერს. ვფიქრობ, ყრილობაზე ეს პოზიცია გაიმარჯვებს!
_ და თუკი თქვენი პროგნოზი გამართლდა, პარტია ორად გაიყოფა?
_ არ მგონია. თავიანთ გუნდებთან ერთად გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძეც წავიდნენ, მაგრამ ეს საზოგადოებამ პარტიის გაყოფად ხომ არ აღიქვა?
_ ბოკერია ახალ პარტიას შექმნის?
_ არ ვიცი, ეს მისი გადასაწყვეტია. პარტია იმ შემთხვევაში გაიყოფოდა, თუკი ამომრჩევლები გაიყოფიან, მაგრამ 600 000 ამომრჩევლიდან ბოკერიას მხარეს მხოლოდ 10 ათასია და გაყოფაზე საუბარიც ზედმეტია.
_ გიგა ბოკერია საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია და ნუთუ, ვერ აცნობიერებს, რომ მის მხარეს, როგორც ამბობთ, ასეთი უმცირესობა დგას?
_ გიგა საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია და ალბათ, აცნობიერებს, მაგრამ იმას, რასაც აკეთებს, მაინც ჯიუტად აკეთებს!
_ ამ სიჯიუტეს რით ხსნით? ყველა თანხმდება, რომ მიხეილ სააკაშვილის დაარსებული პარტია მის გარეშე ვერ იარსებებს და ვინც ამას ვერ ეგუება, გუნდი უნდა დატოვოს და საკუთარი პარტია შექმნას ანუ ისე მოიქცეს, როგორც, მაგალითად, ვაშაძე ან ჯაფარიძე მოიქცა, არა?
_ დიახ, მართალია. თუ იქ ყოფნის სურვილი არ გაქვს, სადაც ხარ, იქ უნდა იყო, სადაც გინდა, მით უმეტეს, დაფიქსირებულია, რომ პარტიის ამომრჩევლების 90%-იანი უმრავლესობა მხარს მიხეილ სააკაშვილის იდეებს უჭერს. ისე, ბოკერიასგან ჩემს მიმართ გაკეთებული მუქარის განცხადება ძალიან გამაოგნებელი იყო, ადამიანი, რომელიც ლიბერალიზმს ქადაგებს და ევროპულ ღირებულებებზეა ორიენტირებული, ასე ნამდვილად არ უდა იქცეოდეს!
წყარო: ვერსია