სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საპატრიარქოში უკრაინის ეკლესიის მეთაური, მისი უწმინდესობა ონოფრე დელეგაციის წევრებთან ერთად მიიღო.
კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გაუხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ხვალ მისი აღსაყდრებიდან 39 წელი სრულდება.
„ეს ძალიან მძიმე და ძნელი წლები იყო. ღვთის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემწეობით შევძელით დღემდე მოვსულიყავით. გულითადად მოგესალმებით და მინდა, რომ ისე იგრძნოთ თავი, როგორც საკუთარ სახლში“, განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.
თავის მხრივ, უკრაინის ეკლესიის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს და კმაყოფილება გამოთქვა, რომ იგი დღეს თბილისში იმყოფება, რათა კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 39 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა.
უწმინდესი ონოფრეს თქმით, ძნელად წარმოსადგენია თუ რისი გადატანა მოუწევდა პატრიარქს ამ 39 წლის განმავლობაში, მაგრამ მან ეს ღვთის შემწეობით შეძლო.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ძალიან უყვართ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, როგორ უფლის რწმენისა და სიწმინდის დამცველი.
საქართველოს პატრიარქი: ღვთის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემწეობით შევძელით დღემდე მოვსულიყავით
2016/12/24 21:10:30
ნანახია: 1509 ჯერ