„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ფსკერზეა, პოლიტიკურად გაკოტრებული ძალაა, ერთადერთი რაც მათ ახლა შეუძლიათ, პროვოკაციებია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურამ ქადაგიძემ პოსტივის ეთერში, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქციებზე ხალხის მობოლიზების უნარი არ აქვს, რის მაგალითად რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქცია დაასახელა.
„ჩვენ დავინახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის სამივე კანდიდატმა ერთად 500 ადამიანი შეკრიბა. „ნაციონალური მხედრიონის“ ელიტამ ერთი პატარა ქუჩა გადაკეტა. ეს მათი პრობლემაა და არა საზოგადოების – საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა-არდაშლაზე მეტად სხვა ინტერესი აწუხებს. „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა. მათი გემი ფსკერისკენაა დაშვებული. ახლა ცდილობენ, ხაბეიშვილის წამოწევით, რადიკალიზმი გაამძაფრონ. პარტიული განვითარების თვალსაზრისით, თუ რაიმე ინტელექტუალური, პოლიტიკური პერსპექტივა ჰქონდათ, ისიც ჩამოიშორეს. ხაბეიშვილი სახელმწიფოებრივ თემაზე ვერაფერს იტყვის. ერთადერთი, რაც მას შეუძლია, ნებისმიერ პროვოკაციულ ქმედებაზე წასვლაა. მათ ერთადერთი საშუალება დარჩათ – რადიკალიზაცია, რევოლუციური პროცესების დაგეგმვა. რამდენად შეძლებენ ამ ყველაფერს, ეს სხვა საკითხია. საზოგადოება ინფორმირებულია, რა ძალასთან და რა ხალხთან გვაქვს საქმე. სახელმწიფო ისეთ სიმაღლეზეა, ვერცერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ჩამოშლასა და პროცესის შეფერხებას ვერ მოახერხებენ. რადიკალიზაცია რადიკალური აზროვნების მხარდამჭერებზეა გათვლილი, რათა მობილობა შეძლონ, თუნდაც მცირე „ბაბლი“, ე.წ. წრე შექმნან და აზროვნების თვალსაზრისით, ამ მოჯადოებულ წრეში ბევრი ხაბეიშვილები ჰყავდეთ“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.