მისი მიზანია თვითდაზიანების მიყენება, რათა დამძიმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოიპოვოს თავისუფლება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი „ვივამედში“ გადაყვანის შემდეგ ექიმის დანიშნულ პრეპარატებს არ იღებდა და არ იკვებებოდა, რათა გამიზნულად ევნო თავისი ჯანმრთელობისთვის.
„ბოლო დროს აქტიურად ვაკვირდებით სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, რომელიც საკმაოდ ფართო მასშტაბებს იღებს და ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, სახელმწიფო და ხალხი მაქსიმალურად იყოს დაცული დეზინფორმაციისგან. გავრცელებული ფოტოები, რომლებიც ვიხილეთ, გავრცელდა ცენტრ „ემპათიის“ დასკვნიდან, რომელიც უნდა ყოფილიყო კონფიდენციალური, ამ მიზნით ჩვენ მათ მივეცით საშუალება ჩამოეყვანათ უცხოელი ექსპერტები, რათა დაედოთ თავიანთი დასკვნა. სწორედ ექსპერტების მიერ იყო გადაღებული ეს ფოტო, რომელიც ჩვენგან სრულიად გაუგებარი მიზეზებით გამოქვეყნდა. ასევე, ჩვენ ვიხილეთ საუბარი, რომელიც ვითომდა სასწაულებრივი გზებით იქნა მოპოვებული სანდო წყაროსგან – მსჯავრდებული სააკაშვილი ექსპერტთან საუბრობდა იმის შესახებ, რომ თითქოსდა იგი აწამეს. ჩვენ ვაკვირდებით შემდეგ პროცესს, შეგნებულად ხდება დასკვნიდან ცალკეული მომენტების ამოღება, გამოქვეყნება და სურათის ისე წარმოჩენა, რომ თითქოსდა სახელმწიფო არის მწამებელი და ცდილობენ სახელმწიფოსგან ჩამოყალიბდეს მტრის ხატი. ბუნებრივია, ამ ყველაფერს ჩვენ ვერ დავუშვებთ, რადგან ჩვენ გვაქვს საქმე განსხვავებულ რეალობასთან.
ჩვენ ამ პერიოდში ასევე ვიხილეთ ხელის შეშლა სამართალდამცველებისთვის, სასამართლო პროცესის ხელის შეშლა მაშინ, როცა „ვივამედში“ შესული იყო პროკურორი და მსჯავრდებულმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს პროცესი არ ჩატარებულიყო. ეს მანიპულაცია მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ, რათა შეილახოს ქვეყნის იმიჯი როგორც მის შიგნით, ისე გარეთ. ჩვენ ვხედავთ მიზანმიმართულ სურათის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები და ვიღაცას აქ აწამებენ. ნათელი იყო თვითდაზიანების მიყენების რეჟიმი და ამის ყველაზე მარტივი დასტური არის ის, რომ ამ ადამიანმა გამოაცხადა თავდაპირველად შიმშილობა, შემდეგ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მას ჰქონდა დაწესებული შესაბამისი მკურნალობა, იკვებებოდა შერჩევით და იღებდა მედიკამენტებს. მას ჩვენ შევთავაზეთ „ვივამედში“ გადაყვანა და შედეგად მივიღეთ ის, რომ არ იღებდა ექიმის დანიშნულ პრეპარატებს და არ იკვებებოდა, არ გადიოდა სასეირნოდ, რათა გამიზნულად ევნო თავისი ჯანმრთელობისთვის. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს იმას, რომ მისი მიზანია თვითდაზიანების მიყენება, რათა დამძიმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოიპოვოს თავისუფლება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.