“პარტიაში რომ ორი ბანაკია, ამის უარყოფას არ ვაპირებ – ერთი ამბობს, სააკაშვილს უპირობოდ უნდა დავეთანხმოთო, მეორე ჯგუფი კი, რომელშიც მეც ვარ, მიიჩნევს, რომ თუ სააკაშვილი გარკვეულ საკითხებში ცდება, ეს ღიად უნდა ვუთხრათ და არ უნდა მოგვერიდოს. მოღალატეობასა და ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაზე განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია. სამწუხაროდ, ამაზე საჯაროდ პირველად სააკაშვილმა ისაუბრა – დაგვარტყა თანაპარტიელებს”, – აცხადებს `ნაციონალური მოძრაობის” წევრი აკაკი ბობოხიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სააკაშვილი უაპელაციოდ გვაბრალებს მოღალატეობას” / “ვინც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გარეშე პარტია ნულის ტოლია, დარჩება მიშასთან”.
“პირადად მე, უსაფუძვლოდ არც ერთ ჩემს თანაპარტიელს მოღალატეს არ ვუწოდებ. სააკაშვილი იმას კი არ ამბობს, ჩვენი პარტიული დაპირისპირება შესაძლოა ივანიშვილს აძლევდეს ხელსო, პირიქით, უაპელაციოდ გვაბრალებს მოღალატეობას. სამწუხაროა, რომ ჩემი თანაგუნდელები, რომლებიც მას უჭერენ მხარს და უპირობოდ ეთანხმებიან ყველა დეტალში, არ ეუბნებიან, რომ ასე საუბარი მინიმუმ არასწორია. სწორედ ამიტომ ვამბობ, პარტიის გადარჩენა ახლა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია – წინააღმდეგ შემთხვევაში, “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა დამანგრეველი იქნება იმ ათიათასობით ადამიანისთვის, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს”, აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ბობოხიძე და შეკითხვაზე – “უკვე მოვისმინეთ გიგა ბოკერიას პოზიციის მხარდამჭერებისგან, რომ 20 იანვარს დაგეგმილი პარტიული ყრილობა შესაძლოა არალეგიტიმურად გამოაცხადონ და მეტიც, პარტიის გაყოფაზე დავა სასამართლოში განაგრძოთ” – პასუხობს:
“მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ სააკაშვილის როლი ქვეყნის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში განუზომლად დიდია, თუმცა, ვინც მიიჩნევს, რომ მის გარეშე პარტია ნულის ტოლია, დარჩება მიშასთან _ ვინც ფიქრობს, რომ სააკაშვილის გარეშე არსებობის უფლება გვაქვს, გადავწყვეტთ, ბრძოლის რა ფორმა შევარჩიოთ. რაც შეეხება 20 იანვრის ყრილობას, თუ არ მოხდება გაწერილი წესებით მოქმედება, ყრილობა არ იქნება ლეგიტიმური და აუცილებლად გადავწყვეტთ, ვინ გააგრძელებს “ნაციონალური მოძრაობის” სახელით პოლიტიკაში ყოფნას. დღეს ხელისუფლებასთან ბრძოლას ძლიერი, ერთიანი ოპოზიცია სჭირდება, რომელსაც სააკაშვილის მხარდამჭერების ჯგუფი, სამწუხაროდ, ანგრევს.