საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ბაკურიანში სნოუბორდის, ფრისტაილისა და ფრისკის მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.
მინისტრმა სიტყვით მიმართა ჩემპიონატის ყველა ორგანიზატორს, მონაწილესა და მხარდამჭერს და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით მათ მადლობა გადაუხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩატარდება და ბაკურიანში შექმნილი ინფრასტრუქტურა დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება როგორც ქართველ, ისე უცხოელ სპორტსმენებსა თუ ტურისტებს.
თეა წულუკიანმა წარმატებები უსურვა ტურნირის ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კი – ქართველ მოთხილამურეებს.
ბაკურიანში ჩემპიონატმა სტარტი 16 თებერვალს აიღო და 5 მარტამდე გაგრძელდება. ტურნირში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს.
ინფორმაციისთვის: სნოუბორდის, ფრისტაილისა და ფრისკის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ბაკურიანმა 2018 წელს მოიპოვა. ხუთწლიან მონაკვეთში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და სხვადასხვა უწყებებისა თუ კერძო სექტორის შეთანხმებული მუშაობით განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები: ბაკურიანში დიდველსა და კოხტაგორაზე მოეწყო ექვსი ახალი ტრასა და სამი საბაგირო გზა, რომლებიც ბაკურიანის ოთხ სათხილამურო ტრასას (მიტარბი, კოხტა, დიდველი და ტატრაპომა) დააკავშირებს. 30-კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო გათოვლიანების თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სისტემა. საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში განხორციელებული პროექტებისთვის 270 მილიონი ლარი გამოყო.
აღსანიშნავია, რომ დაბა ბაკურიანი 2025 წელს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალსაც უმასპინძლებს.
თეა წულუკიანი ბაკურიანში მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს დაესწრო
2023/02/19 13:55:50

კომენტარები
ნანახია: 178 ჯერ