“სასამართლო პროცესზე უგულავამ ბრალი, ფაქტობრივად, აღიარა და ციხიდან გამართლებული კი არა, სასჯელმოხდილი გამოვიდა, – აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ნაცმოძრაობის” ლიდერებს საკუთარი ხელით აშლევინებენ პარტიას!.”
“მართალია, ციხის კედლებთან ბევრი ილაპარაკა პოლიტპატიმრობაზე, მაგრამ არ მესმის, ადამიანი პოლიტპატიმარი როგორ უნდა იყო, როდესაც 800 კაცს ბიუჯეტიდან არაფერში უხდიდა ხელფასს, რაც თვითონვე აღიარა. სწორედ უგულავამ, კეზერაშვილთან ერთად, დაუტოვა თბილისელებს “სითი პარკი”, რომლისთვის ლაგმის ამოდების ძალა ნარმანიას არ ეყო… უგულავა პოლიტპატიმარი არ არის! უგულავას ნაბიჯები ჯერ კიდევ ციხიდან მიანიშნებდა იმაზე, რომ ის ემზადებოდა ბრძოლისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, იმ მიმართულებით ვითარდება, რაც “ქართული ოცნების” ზოგიერთი ლიდერის ინტერესებს ემთხვევა, ანუ “ნაცმოძრაობის” დაშლისკენ. “ნაციონალური მოძრაობის” დაშლის შანსი `ქართული ოცნების~ ხელმძღვანელობას ხელიდან რომ გაეშვა, პირდაპირ ვიტყვი, სულელები იქნებოდნენ. აშკარაა, რომ `ნაციონალური მოძრაობის~ ლიდერებს საკუთარი ხელითვე აშლევინებენ პარტიას“, – მიიჩნევს არეშიძე.
“რაც შეეხება თავად უგულავას, ის ძალიან წინააღმდეგობრივი ფიგურაა, გახსოვთ, ალბათ, ის სტიქაროსანი იყო, შემდეგ საეკლესიო განათლებაც მიიღო, თუმცა, როცა სჭირდებოდა, არად დაგიდევდათ საეკლესიო ნორმებს და ავტორიტეტებს, მათ შორის პატრიარქის ავტორიტეტის გამოყენებასაც მუდმივად სათავისოდ ცდილობდა. ვინმეს დაავიწყდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უგულავამ პატრიარქს უყვირა, 2012 წელს კი საშობაო ეპისტოლე ჩაასწორა, რომლის სრული ვერსია, როგორც მახსოვს, თქვენმა გაზეთმა გამოაქვეყნა. ნიშანდობლივი იყო მისი ერთი ფრაზა, რომელიც ციხიდან გამოსვლის დღეს თქვა და რაც ასევე მისი რწმენის მორალს უკავშირდება, განაცხადა, საქართველოში დადგა დრო, როდესაც სამართალზე უფრო მნიშვნელოვანი მოწყალებააო. გამოდის, ეს ადამიანი სიტუაციას ირგებდა ისე, როგორც სჭირდებოდა, თუმცა ვერ დაუკარგავთ იმას, რომ ნიჭიერი კაცია და განათლებაც კარგი აქვს, შესაბამისად, უფრო რთულია მასთან ურთიერთობა”- , განმარტავს რესპონდენტი.
“ასე მგონია, “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა გარდაუვალია. ვფიქრობ, რომ “ნაცმოძრაობის” დისკრედიტაცია შეუქცევადი პროცესია. გაყოფა არ იქნება ადვილი. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, თუ ვის დარჩება პარტიის სახელი. როგორც ვატყობ, ბრენდის წართმევაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ამის ნიშანია სერგო რატიანის მოთხოვნა, რომლითაც მან ცესკოს მიმართა და პარტიის საარჩევნო სიიდან რამდენიმე პირის ამოღება მოითხოვა. მოკლედ, სერიოზული ბრძოლა მიდის. მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ის აქ არ არის და სკაიპის მეშვეობით ჩართვებით ამდენ პრობლემას ვერ მოაგვარებს. მართალია, რიგითი წევრების დიდი უმრავლესობა მის მხარეს არის, მაგრამ ლიდერების უმრავლესობა აშკარად ბოკერია-უგულავას ფრთაზეა. ძალიან სერიოზული ბრძოლა გველის წინ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, ის, რაც თქვა ივანიშვილმა წლების წინ, რომ დაშლიდა “ნაციონალურ მოძრაობას”, სრულდება“, – დაასკვნის ექსპერტი.
“კვირის პალიტრა”