“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე მოვლენებს სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა გაზეთ “რეზონანსთან“ ინტერვიუში აფასებს:
“პრინციპში, ის ნაწილი, რომელსაც ბოკერია-ბაქრაძის ფრთას უწოდებენ, ყველაზე კრეატიულ, განათლებულ და მოაზროვნე ჯგუფად მიიჩნევა და ამიტომაცაა, რომ მათ “ნაციონალური მოძრაობის” ელიტას ეძახდნენ. გასაკვირი არაა, რომ მათ იდეოლოგიურად მდგრად და ჩამოყალიბებულ ადამიანებად მოიაზრებენ. პრაქტიკულად, ეს ჯგუფი იყო პარტიის ლიდერთა ნაწილი და ამის მიზეზზე უკვე გესაუბრეთ. თუკი ეს ადამიანები ცალკე გამოვლენ, რეალურად მათი მხარდამჭერები შესაძლოა შემცირდეს კიდეც, რადგან ისინი “ნაცმოძრაობასთან” ერთად წარმოადგენდნენ ელიტას. 500 ათას ამომრჩეველზე აპელირებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ხალხია, რომელიც მათ მხარდამჭერებად სულაც არ მიიჩნევიან, არამედ მიიჩნევიან მიშა სააკაშვილის ამომრჩევლებად, როგორც პარტიის მამისა და ლიდერისა”, – აცხადებს სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა.
“თავის დროზე დიდ ლიდერებს ყველა ასე უყურებდა და მათ შორის, შევარდნაძესაც და გამსახურდიასაც. ასეა მიშას შემთხვევაშიც და შესაბამისად, ეს ხალხი იმ ადამიანების მხარდამჭერები უფრო იქნებიან, რომლებიც 7 ათასიან ყრილობას აკეთებენ. მიუხედავად ამ შეფასებისა, დიდი შანსია, რომ ბოკერიას ინტელექტუალური ფრთის გარეშე, ეს ხალხი დაიბნეს კიდევაც. საერთოდ დიდ ელექტორატში ასეთ ინტელექტუალურ ელიტას ძალიან მცირე ადამიანთა რიცხვი უჭერს მხარს. საზოგადოების დიდი ნაწილი სააკაშვილისნაირ ქარიზმატულ და აგრესიულ ლიდერს ირჩევს და ეს ასე ხდებოდა ყოველთვის. თუმცა შესაძლოა ეს მუხტი გაქრეს კიდეც, ვინაიდან თავად სააკაშვილს აქვს ცუდი პერიოდი და ის ნელ-ნელა ქრება. სიმართლე გითხრათ, ძალიან მებრალება სააკაშვილი, რადგან მას კარგი მომავალი არ უჩანს“, – აღნიშნავს რესპონდენტი.
“სააკაშვილის მომხრე არასოდეს გახდება ბოკერიას მხარდამჭერი, ისევე როგორც კირკიტაძისა, ელენე ხოშტარიასი. მათ სხვადასხვა იდეოლოგია და მენტალობა გააჩნიათ. მათ მომხრეებს შორის არსებითი, იდეოლოგიური განსხვავებაა. ეს ამ მოვლენების მთავარი ფაქტორია და არა მათი საუბარი იმის შესახებ, რომ გარკვეულ საკითხებზე აქვთ აზრთა სხვაობა აქვთ. თუმცა, არაა გამორიცხული ბოკერიას ფრთამ სხვა გზა აირჩიოს და საამისოდ კურსი შეცვალოს. ამ ლოგიკით რესპუბლიკელებსაც ჰყავდათ ამომჩეველი, მაგრამ ხომ ხედავთ ახლა ოპოზიციაში გადავიდნენ. ესენიც ასე იქნებიან, ეს ორი ნაწილი ღრმა ოპოზიციურ პაექრობაში იქნება, თუმცა ეს ცუდი არაა. შესაძლოა ბოკერია-ბაქრაძის ნაწილმა სააკაშვილის მეთაურობით ჩადენილი შეცდომები გააცნობიეროს და მის კრიტიკაზე აგებით ახალი ძალა მოიზიდოს. საბოლოო ჯამში, ახალი ძალების მიზიდვამ შესაძლოა საკმაოდ ნორმალური ოპოზიციური ძალაც კი შემქნას, რომლის ლიდერიც ბოკერია იქნება. თუმცა, ეს ისევ და ისევ მათზე იქნება დამოკიდებული”, – ამბობს ზურაბ ბიგვავა.