“ვინც დარჩა სააკაშვილთან, აქვთ შანსი – სანამ სააკაშვილი ცოცხალია, შეაგროვონ ბარიერის გადალახვისთვის საკმარისი ხმები”, – განაცხადა “რეზონანსთან” ექსპერტმა პეტრე მამრაძემ “ნაცმოძრაობიდან” ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის გამოყოფასთან დაკავშირებით.
“როდესაც “გირჩი” შეიქმნა, ვაშაძემაც მიატოვა “ნაცმოძრაობა”, ანდრო ბარნოვი კი გამოდიოდა თავისი პროტესტებით, მაშინვე დაიწყო საუბრები, რომ “ნაცმოძრაობა” იშლება, მაგრამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ “გირჩის” და სხვა ცნობადი სახეების გასვლით “ნაცმოძრაობამ” არ დაკარგა თავისი ელექტორატი, უფრო მეტიც, გამოჩნდა, რომ ელექტორატი ცოტათი გაიზარდა კიდეც და მათ 14% მიიღეს.
ახლაც “ნაცმოძრაობა” დატოვეს სხვა ცნობადმა სახეებმა, მაგრამ ვინც უნდა დატოვოს პარტიის რიგები, ეს არ შეამცირებს მათ ელექტორატს და დარჩება ის 14%, რაც რეალურად მხარს უჭერს “ნაცმოძრაობას” სააკაშვილის ფაქტორის გამო. ჩვენთან ხომ არა პროგრამებს, არამედ კონკრეტულ პიროვნებებს აძლევენ ხმას. ვინც დარჩა სააკაშვილთან, აქვთ შანსი – სანამ სააკაშვილი ცოცხალია, შეაგროვონ ბარიერის გადალახვისთვის საკმარისი ხმები.
ხოლო ცნობად სახეებს, ვისაც ყრილობის ჩატარების ეშინია და ეშინია იმის გამო, რომ იციან, პარტიის აქტივშიც არ არიან პოპულარულები, სხვაგვარად რომ იყოს, ვერავინ დაასწრებდა ყრილობის ჩატარებას, აქვთ შანსი, რომ სწორი მოქმედების შემთხვევაში, მიუახლოვდნენ საპარლამენტო ბარიერს”, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.
“რეზონანსი”