„ცირკი, რომელიც ოპოზიციამ მოაწყო, ძალიან კომიკურია”, – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი, ეკა სეფაშვილი პრეზიდენტისადმი ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართვას, რომ 11 აპრილს რიგგარეშე სესია აღარ მოიწვიოს, რადგან პარლამენტის ორმა დეპუტატმა – ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ „მოულოდნელად დატოვეს საქართველო“.
სეფაშვილის თქმით, ოპოზიციაში, თვითონ არ იციან, რას აკეთებენ.
“საგამოძიებო კომისიის შექმნაში ვერავითარ აზრს ვერ ვხედავ, რადგან, როგორც აშშ-ის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი გადაწყვეტილება ღია წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება. თუ მაინცდამაინც ასე უნდათ გამოძიება, მარტივად შეუძლიათ, აიღონ ,,ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია”, გააანალიზონ და დადონ თავიანთი დასკვნები. თვითონ არ იციან, რას აკეთებენ – ხალხი ჩვეული სტილით შეჰყავთ შეცდომაში, ცრუ აღქმების შექმნით ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, ვითომ ქვეყნის მომავალზე ზრუნავენ. სინამდვილეში, მათ ქვეყნის მომავალი არ აინტერესებთ“, – განაცხადა სეფაშვილმა.