საქართველოში საბერძნეთის ელჩის, მარია თეოდორუს განცხადებით, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა პროდუქტიული იყო. მისივე თქმით, შეხვედრაზე სააკაშვილზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბევრი რამ იყო განმარტებული.
„შევხვდით იუსტიციის მინისტრს, რათა მიგვეღო ბოლო ინფორმაცია სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. ჩვენი დისკუსია იყო პროდუქტიული და მეგობრული, როგორც ყოველთვის. ჩემი აზრით, ბევრი რამ იყო განმარტებული ამ ვითარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მარია თეოდორუმ.
კითხვაზე, შეხვედრაზე განიხილეს თუ არა სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი, მარია თეოდორუმ განაცხადა:
„ჩვენ არ ვართ ექიმები. ჩვენ უბრალოდ ვიღებთ ინფორმაციას ისე, როგორც ყველა დანარჩენი მედიიდან. ჩვენი მთავარი წუხილი ეხება იმას, რომ საქართველო უნდა მიჰყვეს წესებს, როგორც ყველა სხვა ევროპული სახელმწიფო. ვგულისხმობ ყველა მოქალაქის უფლებების პატივისცემას. ესაა ჩვენი მთავარი წუხილის საგანი“, – განაცხადა მარია თეოდორუმ.
კიდევ ერთ კითხვაზე, ელჩებს ხომ არ აქვთ კითხვები სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, მარია თეოდორუმ აღნიშნა:
„არ ვიცი. მე არ ვარ იურისტი და ამაზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა უპირველეს ყოვლისა, არის სურათი, რაც ახლა ხდება და იუსტიციის მინისტრმა ეს სურათი საკმარისად განმარტა“, – აღნიშნა საქართველოში საბერძნეთის ელჩმა.
იუსტიციის სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რატი ბრეგაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა, დიპლომატები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნენ.