გაზეთი “ვერსია” ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, სათაურით: ” ქურდები სააკაშვილის მოცილებას გივი თარგამაძის ხელით აპირებენ?”
სტატიაში ნათქვამია:
“ის ,,რუხი კარდინალი” არასოდეს ყოფილა, მაგრამ ამბობენ, რომ ყოველთვის ყველაზე შავ და ბინძურ საქმეს აკეთებდა. ეს შესაძლოა, გადაჭარბებული შეფასებაა, მაგრამ ფაქტია: ვიღაცას ნერვებს ძალიან უშლის და ამიტომაც, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინ, მისი მოშორება სცადა თუ სცადეს. ყოველ შემთხვევაში, ავტომანქანა აუფეთქეს. საერთოდ, გივი თარგამაძე ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. სხვა თუ არაფერი, ე.წ. აჭარის რევოლუციის დროსაც, აი, მაშინ, როცა ხელისუფლებაში მოსულმა ნაციონალებმა ასლან აბაშიძე ავტონომიურ რესპუბლიკას ჩამოაშორეს და საკაშვილმაც აღტყინებით წამოიძახა, ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალიაო, თარგამაძეს თავ-პირი ჩოლოქზე დაუსისხლიანეს.
ერთი სიტყვით, გივი თარგამაძეს სააკაშვილის, როგორც სახელმწიფო მმართველის შექმნა-ჩამოყალიბებაში, ლომის წილი მიუძღვის და ყველაფერ აქედან გამომდინარე, ზოგი, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ გივი ოდესმე მიშას წინააღმდეგ გაილაშქრებდა, მაგრამ ისინი, ვინც პოლიტტექნოლოგიებში ზომაზე მეტად ერკვევიან, ამბობენ, რომ პოლიტიკაში ერთგულება ,,ზედმეტი ბარგია”. როგორც ჩანს, ამ ,,ბარგისგან” გათავისუფლება გივიმაც გადაწყვიტა.
მაინც, ვინ არის გივი თარგამაძე? _ მისი პოლიტიკური ცხოვრება შორეულ 90-იანებში, სამოქალაქო აქტივისტობით იწყება: თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი სახე იყო და ,,ვარდების რევოლუციაშიც” აქტიურად მონაწილეობდა. მეტიც, შევარდნაძის მთავრობის მინისტრებსა თუ სხვა მაღალჩინოსნებზე მედიას ,,ცხელ-ცხელ” კომპრომატებს სწორედ თარგამაძე აწვდიდა.
პარალელურად, ვრცელდებოდა ცნობა, რომ თარგამაძეს გარკვეული კავშირები ე.წ. შავ სამყაროსთანაც ჰქონდა. ზოგადად, შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლაში ,,შავების” მონაწილეობაზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა. ყოველ შემთხვევაში, დღემდე მუსირებს აზრი, რომ რევოლუციონერებს ზურგს ტარიელ ონიანი უმაგრებდა. შესაძლოა, არც უამისობა იყო და თუ ყველაფერი ეს რეალობაა, ჩნდება ლოგიკური კითხვა: რა საერთო ჰქონდათ, ან აქვთ ნაციონალებს კრიმინალებთან, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ყოფილი მმართველი გუნდი ე.წ. ავტორიტეტებს პირგამეხებული ებრძოდა და სპეციალური კანონიც კი მიიღო, რომლის ძალითაც, ყველა, ვისაც ცოცხალი ქურდი ერთხელ მაინც ჰყავდა ნანახი, სისხლის სამართლის დამნაშავედ ცხადდებოდა? სხვათა შორის, ეს კანონი დღესაც მოქმედებს. ეს კითხვა, ალბათ, კიდევ კარგა ხანი პასუხგაუცემელი იქნება. ასევე, დიდი ხნის განმავლობაში შესაძლოა, ის საიდუმლოც ვერ გავიგოთ, საიდან ჰქონდა და აქვს ,,ქურდულ სხადნიაკებზე” თარგამაძეს ოპერატიული ცნობები. ასეა თუ ისე, ფაქტი ჯიუტია: ადამიანი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა, ამასთან, ნდობის ჯგუფის გავლენიანი ფიგურაც იყო, ,,შავების” ერთგვარ ექსპერტად ჩამოყალიბდა.
ამ თემაზე საუბრისას ,,ვერსიის” კონფიდენტი აღნიშნავს, რომ ნაცმოძრაობაში დაწყებული არეულობის ,,ბოლო” ანუ გადამწყვეტ აკორდად შესაძლოა, სწორედ ქურდების სიტყვა იქცეს, რომელსაც გივი თარგამაძე გაახმოვანებს.
თუ დავაკვირდებით, ეს პიროვნება ნაცების შიდა ომში ახლახან ჩაერთო და სააკაშვილი ლამის კომუნისტურ ,,ტროიკასთან” გააიგივა.”-ნათქვამია გაზეთი “ვერსიის” სტატიაში.