„წინდით ნიმუშების გატანა შემაშფოთებელია, ამას მკაფიო განმარტება სჭირდება – ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ძალები დაინტერესებული არიან, რომ სააკაშვილი სასჯელს განარიდონ”,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური კლინიკა “ვივამედში” მომხდარს, სადაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა.
ღუდუშაურის თქმით, სააკაშვილს სამართლიანი სასჯელის მოხდა ძალიან უჭირს.
„წინდით ნიმუშების გატანა შემაშფოთებელია, ამას მკაფიო განმარტება სჭირდება. პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საგარეო უწყებაში იმყოფებოდა. მკაფიოდ უნდა იყოს დაფიქსირებული პოზიცია, რა ფაქტსა და განზრახვასთან გვქონდა საქმე. მაშინ, როცა ეს ვაჟბატონი ქვეყნის სათავეში იყო, პატიმრებთან კომუნიკაციაც კი, წერილების შეგზავნა-გამოტანა დიდი რისკის შემცველი, პრაქტიკულად, აკრძალული იყო. ეს პროცესი დიდ ფილტრს გადიოდა და თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ, შემდეგ ხდებოდა კომუნიკაციის დაშვება. სააკაშვილი არის მსჯავრდებული და მასთან კომუნიკაციას აქვს თავისი წესები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას. უმძიმესი ფაქტია თავისი შინაარსით. ვინც ნიმუში წინდით გამოიტანა, ამას განმარტება სჭირდება, არა ისეთი, თურმე ჯიბის მიმართ პროტესტი აქვს და ყველაფერს წინდით ატარებს. ეს ღიმილის მომგვრელი და შეურაცხმყოფელია. საჭიროა მკაფიო პასუხი, რასთან გვქონდა საქმე. სააკაშვილს სამართლიანი სასჯელის მოხდა ძალიან უჭირს. ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ძალები დაინტერესებული არიან, რომ სააკაშვილი სასჯელს განარიდონ. მათ მცდელობებს სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა. ეს ყველაფერი ამორალურია. როცა სააკაშვილზე ვსაუბრობთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ადამიანი სიმართლისგან ისე შორსაა, როგორც ცა და დედამიწა“, – განაცხადა ღუდუშაურმა.